2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდენტობას და მიზნებს. ფილმებისა და ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი აუდიო პოსტ პროდაქშენ კომპანიის, “პოსტრედის” ისტორიას მისი დამფუძნებელი, ბესო კაჭარავა გვიამბობს:
„9 წლის წინ, როცა კომპანიას ვაარსებდით, ჩვენი დევიზი იყო „ნიჭს არ აქვს საზღვრები.“ ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდით 3 არტისტი, რომლებსაც გვჯეროდა, რომ ხელოვნებას დიდი ძალა აქვს. გადავწყიტეთ, ხელოვნებით გაგვერღვია საზღვრები და გავსულიყავით საერთაშორისო ბაზარზე, გვემუშავა ყველაზე დიდ საერთაშორისო პროექტებზე.
ხმის დიზაინი და მუსიკა ის საქმეა, რომლითაც დავიწყეთ ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება. პირველი წლები აქტიურად ვთანამშრომლობდით ქართულ კინო და სარეკლამო ინდუსტრიასთან. გვქონდა პატივი გვემუშავა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა დიტო ცინცაძის „შინდისის გმირები“, ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ“, და ა.შ. თუმცა ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საზღვრების გარღვევა და უფრო დიდ ასპარეზზე გასვლა, რისთვისაც ბევრი წელი და დიდი შრომა დაგვჭირდა.
დღეს ჩვენი ძირითადი პარტნიორი ჰოლივუდია, ჩვენი საქმიანობის არეალი კი – ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების ბაზრები. ამ სფეროში მსხვილ სექტორებთან კოლაბორაცია დიდი გამოცდილება და იმის დამტკიცებაა, რომ ნიჭს საზღვრები მართლაც არ აქვს. ამას ის დიდი საერთაშორისო პროექტებიც ადასტურებს, რომლებზეც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით ვიმუშავეთ.
Ferrari (2023), Thanksgiving (2023), Euphoria(2022), Scream 6 (2023) – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჩვენი და საერთაშორისო კომპანიების კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამერიკულ ბაზარზე უფრო კარგად გვიცნობენ, ვცდილობთ, ჩვენი იდენტობა არ დავკარგოთ და ჩვენს ქვეყანასაც გავუზიაროთ.