ივნისში ახლად რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი 32%-ით შემცირდა – კლება რუსეთის ფედერაციაზე მოდის

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 5 524 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით 32%-ით ნაკლებია.
როგორც თოდრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახლად დარეგისტრირებული საწარმოების რიცხვის კლება დან საწარმოების რეგისტრირების შემცირებით არის განპირობებული.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ახლად რეგისტრირებული კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელს შემცირების ტენდენცია ახასიათებს და ძირითადად ეს განპირობებული უცხოელი ინდმეწარმეების რეგისტრაციის შემცირებით. მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ივნისთან შედარებით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით არის შემცირებული. ქვეყნების ჭრილში თუ განვიხილავთ, კლება ნამდვილად რუსეთის ფედერაციაზე მოდის“, – განმარტა თოდრაძემ.
კითხვაზე – რომელ სექტორში რეგისტრირდება ყველაზე მეტად საწარმოები, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ დიდი ნაწილი ვაჭრობის სექტორში მოდის, თუმცა ახლად რეგისტრირებული საწარმოების სექტორების მიხედვით მხოლოდ მაშინ შეიძლება იდენტიფიცირდნენ, როცა ოპერირებას დაიწყებენ.
„რეგისტრირებული კომპანიების უდიდესი ნაწილი ვაჭრობაზე მოდის, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, კომპანიის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ის მაშინვე იწყებს ფუნქციონირებას. სანამ ის ფუნქციონირებას არ დაიწყებს, მანამდე მისი საქმიანობის სახე უცნობია. კომპანიამ რეგისტრაციის შემდეგ ფუნქციონირება შეიძლება რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ დაიწყოს და ამის შემდეგ ჩვენ დამატებითი წყაროებიდან ვიღებთ ინფორმაციას. ასე რომ ახლად დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა აქტიური კომპანიების რაოდენობას ვერ დაემთხვევა და სანამ ის აქტიური არ გახდება, მანამდე კომპანიის საქმიანობის სექტორი უცნობია“, – განმარტა თოდრაძემ.