ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო

ვენესუელის საპრეზიდენტო ს შედეგებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, ევროკავშირის სახელმწიფოებს სურდათ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების შესახებ, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, ერთობლივი განცხადება გაევრცელებინათ, თუმცა უნგრეთმა ან ნაბიჯს ვეტო დაადო.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შესახებ განცხადება საკუთარი სახელით გაავრცელა.
„მონაცემები, რომელიც (ვენესუელის) ოპოზიციამ საზოგადოებას მიაწოდა, ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს ასახავს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნებში მათმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა. ვენესუელაში ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ვენესუელის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში უსაფრთხოების ძალები და აქციის მონაწილეები, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ფრანგული მედიაკომპანია RFI-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე 11 ადამიანი დაიღუპა.
ipn.ge