ვედანტ პატელი აცხადებს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის აღსრულებას აშშ ყურადღებით დააკვირდება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის აღსრულებას ყურადღებით მიადევნებს თვალს.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად, დღეს, დიპლომატიური უწყების პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ამერიკა კვლავ შეშფოთებულია ამ კანონის მიღებით, რომელიც რუსეთში მოქმედ რეგულაციას ჰგავს.
“ჩვენი გზავნილი კვლავ იგივეა: ის შეშფოთება, რაც გვქონდა ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, კვლავ ძალიან რეალური და კვლავ ძალიან სერიოზულია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს კანონი გამოიყურება, როგორც კრემლის თამაშის წესების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი [კანონი], რომლის სამიზნეცაა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, არასამთავრობოები, ადამიანის უფლებების დამცველები, ჟურნალისტები. ჩვენ ამას ნამდვილად ყურადღებით დავაკვრდებით. მაგრამ, ამ ეტაპზე, სხვა სიახლე არ მაქვს”, – აღნიშნა პატელმა, რომლის კომენტარსაც “ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ ეს პასუხი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გასცა.
რატი ბრეგაძის ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევიან, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ. მისივე თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარღვევა ორგანიზაციების 25 ათასი ლარით დაჯარიმებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით, თუმცა მოღალატეებს სირცხვილის გრძნობა ნამდილად არ გააჩნიათ, ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება! – სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები

შალვა პაპუაშვილი – უსამშობლო ოპოზიციისგან განსხვავებით, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად, ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად