ანა დოლიძე – „ქართულ ოცნებას“ 2016 წლის გამეორება უნდოდა 2024 წლის არჩევნებზეც, მაგრამ ჩვენ გავერთიანდით, რომ 26 ოქტომბერს მოვახდინოთ ცვლილება

„ქართულ ოცნებას“ უნდოდა, არ მომხდარიყო გაერთიანებები და ხმები დაკარგულიყო. დაკარგული ხმები კი წავიდოდა „ოცნებასთან“ და მათ ზუსტად ამის იმედი ჰქონდათ, რომ ასე მოიგებდნენ არჩევნებს , – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მან ასევე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე ს განცხადება, რომელმაც დოლიძისა და „ლელოს“ გაერთიანებას სიყალბე უწოდა.
„დღეში ოცდაათ ბრიფინგს გვიწყობენ ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით და დაგვცინიან. არ მახსენებდნენ მანამდე საერთოდ. ახლა გამოდიან და რაღაცებს ამბობენ, იმიტომ, რომ არ მოსწონთ, „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს გაერთიანებები, „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, არ მომხდარიყო გაერთიანებები და დაკარგულიყო ხმები. ეს დაკარგული ხმები წავიდოდა მერე „ოცნებასთან“ და მათ ზუსტად ამის იმედი ჰქონდათ, რომ ასე მოიგებდნენ არჩევნებს. 2016 წელს 5%-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა – „ოცნებამ,“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“. დანარჩენი, წვრილ-წვრილ პარტიებზე მიცემული ხმები დაიკარგა და წავიდა „ქართულ ოცნებასთან“. ამის გამეორება უნდოდა 2024 წლის არჩევნებზეც. გავერთიანდით იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს მოვახდინოთ ცვლილება.
მე როგორც ადამიანი, რომელიც 2005 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ვიყავი ერთ-ერთი ლიდერი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში, თავისუფალი სასამართლოსთვის ბრძოლაში, იმ ცინიზმისა და დაცინვის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მაშინ სუფევდა, მივიჩნევ, რომ უდიდესი სიყალბე არის, რომ მაშინ ყავის მწრუპავი და კაბინეტში მჯდომი, უცხოეთის გრანტებით დაფინანსებული და მხოლოდ და მხოლოდ გერმანულიდან ქართულად რაღაცების მთარგმნელი და გადამწერი შალვა პაპუაშვილი, რომელიც ჭოგრიტით უყურებდა, როგორ არბევდნენ მიტინგებს „ნაციონალები,“ როგორ გვიჭერდნენ და გვისწორდებოდნენ, აი ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ სახელით რომ გვესაუბრება დღეს, ეს მიმაჩნია უდიდეს სიყალბედ. რომ გადავხედოთ იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობენ, არავის აღარ აქვს კავშირი იმ ფასეულობებთან, რის გამოც საერთოდ შეიქმნა ეს პარტია. „ქართული ოცნებაც“ ხომ გატაცებულია და ქვეყანაც ამ ხალხის გატაცებულია“ , – განაცხადა ანა დოლიძემ.
დოლიძე ანაკლიის პორტის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს არის ჩანასახშივე გაჩერებული პროექტი და ახლა რომ იქ ტვირთბრუნვა არ მიმდინარეობს, ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
„მთავარი, ვინც წააგო და წავაგეთ ანაკლიის პორტის საკითხით, ეს ვართ ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც გვაინტერესებს და გვაინტერესებდა, რომ დღეს იქ უკვე უნდა შემოდიოდეს კონტეინერები, უნდა იტვირთებოდეს გემები და გადიოდეს სავაჭროდ სადმე. ამის ნაცვლად, ანაკლიის პორტი არის ზუსტად ისეთივე სიცარიელე, ჩანასახშივე გაჩერებული პროექტი, როგორიც იყო თავიდანვე და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? – რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“. კონსორციუმი რომ გაუშვეს, მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა, არ შეეძლოთ, რამე გაეკეთებინათ? სამაგიეროდ, შემოიყვანეს ჩინური სახელმწიფო კომპანია და ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი მისცეს“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ