თეონა აქუბარდია – საქართველომ დაკეტა კარი ნატოსა და ევროკავშირისკენ – ხელისუფლებამ შექმნა ილუზია, თითქოს ღირსებით სადღაც მიდიან, არადა უღირსად მიგვაქანებენ რუსეთში

ხელისუფლება საკუთარ ხალხს ატყუებს. შექმნეს რაღაც ილუზია, თითქოს ღირსებით სადღაც მიდიან, არადა უღირსად მიგვაქანებენ რუსეთში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
დეპუტატმა დანიის მხრიდან საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, ქვეყანამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით 100 მილიონზე მეტი დაკარგა.
საქართველოს პარტნიორი თავდაცვის სფეროში სულ ახლახან გახდა, 2023 წლიდან გაფორმდა ოთხწლიანი ხელშეკრულება და საუბარი იყო როგორც ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში თანამშრომლობაზე, მათ შორის, ეროვნული გვარდიისა და რეზერვის განვითარებაში დანიას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ამ კუთხით. გავრცელდა კიდეც კადრები, როგორ ათვალიერებდნენ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და დანიის ელჩი იმ სამხედრო ტექნიკას, რომელიც დანიისგან თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. ეს ოთხ წლიანი ხელშეკრულება გაჩერდა. მკაფიოდ არის ამ წერილში განმარტებული, როგორ მოუწოდებს დანია საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ კურსს და იყოს ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგის ერთგული. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ რუსულმა კანონმა დააზიანა ჩვენი ჯარი.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ -მა გააუქმა ნატო-ს სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ და ეს იყო პირველი ინდიკატორი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ჯარს შეეხო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 30 მილიონი ევრო გაეყინა საქართველოს ევროკავშირის მშვიდობის ფონდის მხრიდან და 10 მილიონი აგერ სომხეთმა მიიღო ახლა და დაიწყო მშვიდობის ფონდთან თანამშრომლობა, თუ გავითვალისწინებთ დანიის მხრიდან 28 მილიონი ლარის შეჩერებას, 100 მილიონზე მეტი აქვს დაკარგული ქვეყანას მინიმუმ, რაც ვიცით და რაც არ ვიცით და რასაც არ გვეუბნება მინისტრი ჩიქოვანი, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
ყველაზე მძიმე სურათი, რაც გვიდგას, ის არის, რომ საქართველომ დაკეტა კარი ნატოსა და ევროკავშირისკენ. კიდევ არ ვიცი, რა ზიანი აქვს ქვეყანას მიღებული და მე გავაგრძელებ ამ წერილების დაგზავნას, იქნებ ჩვენმა მეგობრებმა უფრო მეტი გვითხრან, ვიდრე ჩვენი მთავრობა გვეუბნება, იმიტომ, რომ, რეალურად, ხელისუფლება საკუთარ ხალხს ატყუებს. შექმნეს რაღაც ილუზია, თითქოს ღირსებით სადღაც მიდიან, არა და უღირსად მიგვაქანებენ რუსეთში,“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ