მეღვინეობა “შუმის” საექსპორტო ბაზრებს წელს ტაჯიკეთი, საფრანგეთი და კანადა დაემატება, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” კომპანიის დამფუძნებელმა აკაკი ცოფურაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გარდა აღნიშნული ქვეყნებისა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდოეთთან. გარდა ამისა, წელს ექსპორტი უკვე განხორციელდა ისეთ ქვეყნებში როგორიც არის – ტაილანდი და ყაზახეთი. აკაკი ცოფურაშვილის ინფორმაციით, მეღვინეობა წელიწადში 1.5 მლნ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის დაახლოებით, 80% ექსპორტზე იყიდება.
“ტაილანდში კარგად მოვიკიდეთ ფეხი, რამდენიმე პარტია გავგზავნეთ უკვე. ბრაზილიასთან ახლა ფორმდება ხელშეკრულება და ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ, სექტემბრისთვის გავაგზავნით პირველ პარტიას. რაც შეეხება ინდოეთს – ეს ისევ მოლაპარაკების საგანია. ამასთან, პირველი პარტია გაიგზავნება ტაჯიკეთში. ასევე, ყაზახეთში აღვადგინეთ ექსპორტი და პირველი პარტია უკვე გავგზავნეთ.
გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ კანადაში სახელმწიფო მონოპოლიაა და კონკრეტული ორგანიზაცია აკონტროლებს ღვინის შეტანას. შესაბამისად, ჩვენ ჩამოსხმული და გამზადებული გვაქვს ღვინო და ველოდებით შეტყობინებას როდის გავგზავნოთ. სავარაუდოდ, აგვისტოში განხორციელდება ეს მიწოდება. ასევე, სავარაუდოდ აგვისტოში, ღვინის ექსპორტს საფრანგეთშიც განვახორციელებთ.
ჩვენი წარმოების დაახლოებით, 80% ექსპორტზე იყიდება, ხოლო 20% ადგილობრივ ბაზარზე – როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე HORECA სექტორში. ჩვენ არ გვინდა, რომ რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებულები ვიყოთ, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ის. არ გვინდა, რომ 1 ქვეყნის ამოვარდნა პრობლემას გვიქმნიდეს”, – აცხადებს აკაკი ცოფურაშვილი.
ვრცლად bp.ge-ზე
