დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაცია მოვაჭრეებისგან მოითხოვს ტერიტორია 15 აგვისტომდე დატოვონ

თბილისში, დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეები დილიდან საპროტესტო ზომებს მიმართავენ. 29 ივლისს ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მოვაჭრეებს აცნობა, რომ 15 აგვისტოდან ბაზრის ტერიტორია უნდა დაიცალონ და ამისათვის 2 კვირა აქვთ.
ალტერნატიული სავაჭრო ადგილი, რასაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოვაჭრეებს სთავაზობენ, ნავთლუღის ბაზარი და დიდი დიღმის ტერიტორიაა, სადაც ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის. ორივე ეს ადგილი მოვაჭრეებისთვის მიუღებელია. მიუღებელია დროის ის შუალედიც, რაც მათ ტერიტორიის დასატოვებლად მისცეს.
დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეებმა 30 ივლისს დილით წინამძღვრიშვილის ქუჩაც გადაკეტეს. თუმცა ისინი პოლიციამ აიძულა, რომ სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, იმ პირობით, რომ მერიიდან და ბაზრის ადმინისტრაციიდან მოვაჭრეებს ვინმე შეხვდებოდა და მოუსმენდა. მერიიდან მოვაჭრეებს გამოხმაურება ჯერ არ ჰქონიათ. უშედეგოდ დასრულდა ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საუბარი – როგორც მოვაჭრეები ნეტგაზეთს ეუბნებიან, ისეთსავე გაუგებრობაში არიან, როგორც აქამდე იყვნენ და პროტესტის მასშტაბის ზრდას აანონსებენ.
„გუშინ, დღის 2 საათი იქნებოდა, რომ გამოგვიცხადეს, აღარ იქნება ბაზარი 15 აგვისტოდანო. გადახვალთ ან დიღომში და ან ნავთლუღშიო. მაგ ორიდან თქვენ აირჩიეთ, სად გირჩევნიათო. ოდითგანვე აქ ვმუშაობთ, ყველანაირ გადასახადს ვიხდით. არ გვაქვს სურვილი და არ ვართ თანახმა სხვაგან გადასვლაზე. ჩვენ უკან ოჯახები დგას, ბანკის ვალები გვაქვს, დალხენილი აქ არავინ დგას, ღამის სამ საათზე სახლებიდან კარგი ცხოვრების გამო არ გამოვდივართ“, — გვეუბნება ნინო, დეზერტირების ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრე.
ნინოს თქმით, მოვაჭრეებთან აქამდე კომუნიკაცია ადმინისტრაციიდან ერთ პირს ჰქონდა, რომელსაც ბესოს სახელით იცნობენ, მაგრამ მისი გვარი არ იციან. ამბობენ, რომ ბესო აქამდე მათ თავს ისე წარუდგენდა, თითქოს, ის იყო დირექტორი. დღეს კი უთხრა, რომ დირექტორი არ არის, თუმცა იმას არ ეუბნება, ვინ არის პასუხისმგებელი მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
„ვითხოვთ შესაბამის ყურადღებას მერიიდან და ბაზრის უფროსობიდან. ვერ გავიგეთ წესიერად, რა ხდება. ხან უნდა დაანგრიონო, კერძო პირისააო, ხან უნდა განაახლოსო. ხალხი აქედან არ გავა! ნავთლუღი კარგი და დიღომში საერთოდ სად მივყავართ? არაფერია იქ, სადაც გვთავაზობენ გადასვლას, არც პირობებია და არც ხალხი დადის.
შუა სეზონში გაგონილა ბაზრის დაკეტვა? ორი კვირით ადრე რომ მეუბნები თან? თითქოს რესტორანში წვეულებაზე მპატიჟებ? აქამდე ჭორის დონეზე ვიცოდით და რამეს რომ ვიკითხავდით, საიდან მოიტანეთ, ნუ გეშინიათო გვეუბნებოდნენ“, — ამბობს ნინო.
ნინოს ნათქვამს სხვა მოვაჭრეებიც ადასტურებენ. მაია დემურაშვილმა პირადად დარეკა თბილისის მერიის ცხელ ხაზზე, რომ ვითარება შეეტყობინებინა და მერიის რეაგირება ეთხოვა. თუმცა მერიიდან ჯერჯერობით მოვაჭრეებთან არავინ მისულა.
„გზას კიდევ გადავკეტავთ. 5-6 საათზე ყველა აქ ვართ დილით. გადავკეტავთ გზას და გვიყურონ მერე. გზა რომ გადაკეტილი გვქონდა, მოვიდა პოლიცია, ქვეყანა, თითქოს რეციდივისტები ვიყავით, დაგვპირდნენ, მერიიდან მოვიყვანთ ხალხსო. მაგრამ აბა? რამეს ვაშავებდით? ჩვენს უფლებებს ვიცავთ. მესმის, რომ კერძო საკუთრებაა, მაგრამ აქამდე არ იყო? ასე შეიძლება მოექცე ამდენ ადამიანს? არ ვაკმაყოფილებდით რამე მოთხოვნას? არ ვიხდით გადასახადებს?“ — გვეუბნება მაია დემურაშვილი.
მოვაჭრეების მოთხოვნები ბაზრის მეპატრონესთან და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრაა. ისინი ითხოვენ, რომ თუ ტერიტორიის ახალ მეპატრონესთან შეთანხმება ვერ შედგება და დეზერტირების ბაზარი არსებობას წყვეტს, იქ დარჩენის საშუალება მოვაჭრეებს ახალ წლამდე მაინც მისცენ.
„15-ში ყველაფერი გატანილი თუ არ იქნება, გადაგიყრიანო. ამდენი საქონელი აქვს ხალხს, ამდენი პროდუქტი, სად უნდა წავიღოთ ორ კვირაში? ფიზიკურად შეუძლებელია ეს ყველაფერი ახლა ამოვყიდოთ. დიღომში, ცარიელა ტრასაზე, ღია ცისქვეშ, ხის ჩრდილსაც რომ ვერ შეეფარები, იქ გვიპირებენ გადაყვანას? ოთხი შვილიშვილი მყავს, ბანკის ვალს თვეში 1300 ლარს ვიხდი. რა გავაკეთო?
ვინც იყიდა ეს ბაზარი, შეგვახვედრონ. იმ ახალ მეპატრონესაც გადავუხდით გადასახადს. თვენახევრის წინ მოგვიმატეს გადასახადი. თუ მანამდე დღეში 10 ლარს ვიხდით დახლში, 15 ლარი გაგვიხადეს. აქამდე რომ ვკითხავდით რამეს ბაზრის ბედზე, 2-3 წელი მაინც არაფერი გემუქრებათ, ვინ გეუბნებათ მაგ სისულელესო. ახალ წლამდე მაინც დაგვტოვონ, რომ საქონელი ამოვყიდოთ და თადარიგი დავიჭიროთ, როგორ მოვიქცეთ. ვინაა ეს ახალი მეპატრონე, ეგეც ვერავინ გაგვაგებინა“, — ამბობს მაია დემურაშვილი.
ნეტგაზეთმა სცადა იმ პირთან საუბარი, რომელსაც მოვაჭრეები ბაზრის ხელმძღვანელად იცნობენ. ის ნეტგაზეთთან ამბობს, რომ 80% მოვაჭრეებისა თანახმაა, რომ დიღომში წავიდეს.
— ის ტერიტორია დიღომში, სადაც ამ ხალხს გადასვლას სთავაზობთ, ვის ეკუთვნის? — ჩემია. — თქვენი პირადად თუ კომპანიის? — ჩემია, კომპანიის. — თქვენ ხართ უფლებამოსილი პირი, რომ კომპანიის სახელით ილაპარაკოთ? დაზუსტებით ამბობთ, რომ მოვაჭრეების 80% თანახმაა დიღომში წამოსვლაზე? — ვნახოთ, როგორ გადაწყდება. — ვის გადაწყვეტილებას ელოდებით? თუ ამბობთ, რომ ხალხი მოდის, იქ რას ახვედრებთ? ინფრასტრუქტურა მოწყობილია? — მოხრეშილია.
ის ნეტგაზეთს ეუბნება, რომ კომპანიის დირექტორი დავით გიგინეიშვილია. დავით გიგინეიშვილის ოთახში ხმამაღალი საუბარია, მასთან მოვაჭრეების ნაწილია შესული. მათი საუბარი უკვე დასრულებულია. როგორც თავად მოვაჭრეები გვეუბნებიან, დასრულებულია უშედეგოდ და ისევ გაუგებრობაში არიან.
დავით გიგინეიშვილი თავიდან ნეტგაზეთთან საუბარს თანხმდება. უარყოფს, რომ მოვაჭრეებმა წინა დღით გაიგეს ბაზრის დახურვის შესახებ და მათ ამის შესახებ წლების განმავლობაში საუბარი უნდა მოესმინათ. ამის შემდეგ, კატეგორიული ტონით გვეუბნება, რომ ინტერვიუს არ მოგვცემს, არც არავითარ ინფორმაციას არ მოგვაწვდის და ჯერ უნდა გაერკვიოს ვითარებაში.
— რაში უნდა გაერკვეთ, რა გადაწყვეტილება მიიღო ბაზრის ადმინისტრაციამ? — ადმინისტრაცია მე ვარ. — აბა რაში უნდა გაერკვეთ მაშინ? — რაღაცებში. ვინ ვის რა უთხრა და ა.შ. არ მაქვს ახლა სურვილი, რომ გელაპარაკოთ.
„ხელშეკრულება ამოგვეწურაო და აღარავის სჭირდებით, უნდა წახვიდეთ ახლა აქედანო. მეპატრონე თქვენ არ შეგხვდებათო. ვითხოვთ, რომ მთავრობიდან ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება, სად გვყავს მთავრობა, მაგრამ მაინც. პროტესტს არ შევწყვეტთ ჩვენ. მერიასთანაც მივალთ. არჩევნებზე ხმა უნდათ ამათ მარტო ჩვენი. მერია ჯერჯერობით ყურადღებას არ გვაქცევს“, — გვეუბნებიან დავით გიგინეიშვილის ოთახიდან გამოსვლის შემდეგ მის ოთახთან მყოფი მოვაჭრეები, რომლებიც რამდენიმე წუთით ადრე თავადაც მის ოთახში იმყოფებოდნენ სალაპარაკოდ.
მერიაში ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ რამდენადაც საუბარი ეხება არა გარე ტერიტორიას, არა მუნიციპალურ საკუთრებას და ეს არის კერძო ტერიტორია, იქ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადმინისტრაცია, მერია ამაში ვერ ჩაერევა.
საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტების მიხედვით, დეზერტირების ბაზრის მფლობელი 2023 წლის მიწურულამდე შპს თბილისი მოლი იყო. 2023 წლის ნოემბრიდან მფლობელი შპს გალერეა არენაა, რომლის 82%-იან წილს ს ფედერაციისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე კობა ღურწკაია ფლობს. ის არის კომპანიის დირექტორიც.
დეზერტირების ბაზრის შენობით იჯარით მოსარგებლე 2015 წლიდან შპს ულევია. კომპანიის 67%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი სერგო რუხაძეა. სწორედ ულევის წარმომადგენელია ადმინისტრაცია, რომელიც დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ზის.
დეზერტირების ბაზრის წინა მფლობელი შპს თბილისი მოლი დეზერტირების ბაზრობის ნაცვლად 2-სართულიანი სავაჭრო ცენტრის მოწყობას აპირებდა და შესაბამისი განაცხადი კომპანიას თბილისის არქიტექტურის სამსახურშიც ჰქონდა წარდგენილი. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, შენობის სიმაღლე 15.4 მეტრი უნდა იყოს. გეგმის მიხედვით, შენობის ფასადი ალუმინის ვიტრაჟებით მოეწყობა, შიგნით კი გათვალისწინებული იქნება კომერციული ფართების განლაგება. მერიაში ადასტურებენ, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვა მიღებული აქვს და მფლობელის ცვლილება პროექტის განსახორციელებლად შემაფერხებელი ფაქტორი არ არის. მერიაში დამატებით ინფორმაციას კომპანიებს შორის მოლაპარაკების თაობაზე არ იცნობენ.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2024 წლის 27 მაისს გაცემული ბრძანების თანახმად, სავაჭრო ცენტრის აშენების ნებართვას ახლა უკვე შპს გალერეა არენა ფლობს. ნებართვა ძალაშია 2024 წლის 27 მაისიდან 2027 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.