ივნისში თბილისში 2,957 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.9%-იანი კლებაა – Galt & Taggart

2024 წლის ივნისში თბილისში 2,957 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 21.9%-იანი და თვიურად 7.5%-იანი კლებაა – – ამის შესახებ ნათქვამია Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში.
ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე.
2024 წლის ივნისში პირველად ბაზარზე ფასების თვიური ზრდა მხოლოდ 0.1% იყო, რაც ბოლო 30 თვის მინიმუმია. ფასების ზრდის შენელება მცირედით, მაგრამ მაინც უფრო შესამჩნევია მაღალფასიან სეგმენტში.
2024 წლის ივნისში თბილისში 228.5 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 17.6%-იანი კლებაა და ტრანზაქციების შემცირებული რაოდენობის შედეგია.
თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა ბოლო ხუთი თვეა იდენტურ ნიშნულზე ნარჩუნდება (კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ ქირას გარეუბნებში დაღმავალი ტრაექტორია აქვს, ცენტრალურ რაიონებში კი მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
2024 წლის ივნისში გაცემული სამშენებლო ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ბოლო 18 თვის მინიმუმამდე შემცირდა. ნებართვების გაცემის შემცირება შესაძლოა უკავშირდებოდეს სეზონურობის ფაქტორს. თუ ნებართვების გაცემის შემცირების დინამიკა ივლისშიც გაგრძელდა, მოკლევადიან პერიოდში მიწოდების კლება შესუსტებულ მოთხოვნას დააბალანსებს.