ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო. გაერთიანებული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში მისმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა და ოფიციალური შედეგები გაყალბებულია.
საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებისადმი პროტესტის ნიშნად, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
როგორც BBC-ს კორესპონდენტი იუწყება, კარაკასში დემონსტრანტები პროტესტს ჯერ ქვაბების და ტაფების ბრახუნით გამოხატავდნენ, მოგვიანებით კი, როცა პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ, დაძაბულობა გაიზარდა. ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილები, საბურავები და ნაგვის ურნები დაწვეს. პოლიციელებმა და სამხედროებმა, რომლებმაც პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი ქვები და აალებადი სითხის შემცველი ბოთლები დაუშინეს.
სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, პროტესტმა სტიქიურად იფეთქა, რადგან ოპოზიციის ლიდერებს მოქალაქეებისთვის აქციებისკენ არ მოუწოდებიათ.
დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „თავისუფლება“, „ეს ხელისუფლება დაემხობა“ და გზად ხევდნენ და წვავდნენ კედლებსა და ბოძებზე გამოკრულ მადუროს პორტრეტებს.
BBC-ს ცნობით, პოლიციელებსა და სამხედროებთან ერთად დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ მადუროს ხელისუფლების მხარდამჭერი მემარცხენე გასამხედროებული ორგანიზაციის წევრები, რომლებსაც „კოლექტივოს“ უწოდებენ.
ვრცლად რადიო თავისუფლება
