დედოლარიზაციის კუთხით გამოწვევები რჩება – ნათია თურნავა

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით დედოლარიზაციის მიმართულებით გამოწვევები კვლავ რჩება, თუმცა როგორც სესხების, ისე დეპოზიტების ნაწილში პროგრესი არის.
ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ლარში დენომინირებული დეპოზიტების ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალია და 6 თვის მონაცემებით, 3-ჯერ და მეტად აღემატება უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპს.
„მცირე ზომის ღია ტიპის ეკონომიკისთვის, როგორიც არის საქართველო, რა თქმა უნდა, საფინანსო სექტორში ეროვნული ვალუტის დომინანტური როლის გაზრდა და განმტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობა კიდევ უფრო მეტად შევამციროთ. ამ კუთხით გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, თუმცა უნდა აღინიშნოს ის დადებითი სტატისტიკა, პროგრესი, რასაც წლების განმავლობაში მივაღწიეთ დედოლარიზაციის მიმართულებით, როგორც საბანკო სესხების, ასევე დეპოზიტების კუთხით. დოლარში დენომინირებული დეპოზიტები შარშან პირველად ჩამოსცდა 50%-იან ნიშნულს, ანუ ეტაპობრივად მცირდება. ეს არ არის მარტივი ამოცანა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც გლობალურად დოლარსა და ევროზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები ნარჩუნდება. ეს დაზოგვის თვალსაზრისით გარკვეულ მიმზიდველობას სძენს ამ ვალუტებს. ამის მიუხედავად, ჩვენ ლარში დენომინირებული დეპოზიტები საკმაოდ კარგად გვეზრდება. პირველ 6 თვეში დეპოზიტების პორტფელი გაიზარდა 13.5%-ით, აქედან უპირატესად, 21.3%-ით გაიზარდა ლარის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტები მხოლოდ 6%-ით. ეს მიუთითებს საკმაოდ ეფექტურ ღონისძიებებზე, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.