სებ-ის სამეთვალყურეო საბჭოს სრულფასოვანი მოქმედების რაიმე სამართლებრივი ან ორგანიზაციული შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს – ნათია თურნავა

არ არსებობს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სრულფასოვანი მოქმედების რაიმე სამართლებრივი ან ორგანიზაციული შემაფერხებელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებით თუ დაკომპლექტების პროცესი გაგრძელდება და ახალი პროფესიონალები შემოგვემატებიან, მაგრამ ეს პროცესი რომც გაიწელოს, არაფერი ემუქრება ეროვნული ბანკის მენეჯმენტის გამართულ ფუნქციონირებას,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სამეთვალყურეო საბჭოში არის 4 ვაკანტური ადგილი, საბჭო არის სრულად ქმედუნარიანი და თითოეული წევრი არის აქტიურად ჩართული საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში.
„დღეს, მოგეხსენებათ, რომ 5 წევრით არის დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო, კანონი ითვალისწინებს-9-ს, გვაქვს 4 ვაკანსია. 5 ეს არის კვორუმი, აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ 5 ვართ და არ ვართ 9, ჩვენი სამეთვალყურეო საბჭო არის სრულად ქმედუნარიანი. მინდა გითხრათ, რომ თითოეული წევრი არის აქტიურად ჩართული თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში. ვიკრიბებით პერიოდულად, სულ მცირე 2 კვირაში ერთხელ, ვიღებთ საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს. არ არსებობს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სრულფასოვანი მოქმედების რაიმე სამართლებრივი ან ორგანიზაციული შემაფერხებელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებით თუ დაკომპლექტების პროცესი გაგრძელდება და ახალი პროფესიონალები შემოგვემატებიან, მაგრამ ეს გადის ჩვენი კომპეტენციის გარეთ და მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი რომც გაიწელოს, არაფერი ემუქრება ეროვნული ბანკის მენეჯმენტის გამართულ ფუნქციონირებას და უფრო მეტიც, თუ გადახედავთ ინფლაციის დაბალ დონს, ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით, არც ისე ურიგოდ ვსაქმიანობთ ამ შემადგენლობით,“ – განაცხადა თურნავამ.
წყარო: ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ