კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს, ლევან გოფოძეს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს, ლევან გოფოძეს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს.
როგორც გაიოზ ჩარკვიანმა ადვოკატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლევან გოფოძემ მას კლინიკის ტერიტორიაზე არსებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია მიაწოდა.
გარდაცვლილი ფეხბურთელის მამის თქმით, ოფიციალური განცხადებით მიმართვის შემდეგ, მას ლევან გოფოძემ წერილობით აცნობა, რომ კლინიკის ტერიტორიაზე არსებული ვიდეო კამერები მწყობრიდან იყო გამოსული და შესაბამისად, ვიდეო ჩანაწერების განხორციელება არ ხდებოდა.
ჩარკვიანის განმარტებით, თითქმის 3 წლის შემდეგ, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა გასცა, სადაც მითითებულია, რომ კლინიკაში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები წაშლილია. ჩარკვიანის განმარტებითვე, აღნიშნული ჩანაწერები კლინიკის წარმომადგენლებმა მანამდე წაშალეს, ვიდრე ის გამოძიებას მიმართავდა.
„2021 წლის 16 სექტემბერს, განცხადებით მივმართე რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციას, სადაც ვითხოვდი ვიდეო ჩანაწერების ასლი მოეცათ, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო დაწესებულებაში შემოყვანის, მისი განთავსების და გადაადგილების ამსახველი ჩანაწერები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნის დროს მასზე გაკეთებული ყველა ჩანაწერი და მართვის აპარატზე შეერთებისა და მართვის აპარატზე ყოფნის ამსახველი სრული ჩანაწერი, რა თქმა უნდა სხვა პაციენტების სახის დაფარვით.
2021 წლის 29 სექტემბერს აღნიშნული კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან გოფოძის მიერ ჩვენს განცხადებაზე გაცემულ იქნა წერილობითი პასუხი, რომ აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით მოკლებული არიან შესაძლებლობას გადმოგვცენ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ვიდეო ჩანაწერები, იქიდან გამომდინარე, რომ შპს აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის ტერიტორიაზე არსებული ვიდეო კამერები გამოსულია მწყობრიდან და შესაბამისად არ ხდება ვიდეო ჩანაწერების განხორციელება.
აღნიშნული საეჭვო პასუხის შემდეგ ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მათ მიერ მიერ ამოღებული იქნა შპს აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობები და დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა შემდეგი საკითხების გადასაწყვეტად, მიმდინარეობდა თუ არა ვიდეოჩანაწერების განხორციელება 2021 წლის 11 აგვისტოდან 2021 წლის 10 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში და ხომ არ არის წაშლილი გარე ფაქტორებით მექანიკური ზემოქმედების შედეგად.
2024 წლის 4 ივნისს გაცემული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ირკვევა რომ ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერებაში დაფიქსირებული ე.წ. LOG-ების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მოწყობილობაში მოთავსებული ორივე მყარი დისკის ფორმატირება (ინფორმაციის წაშლა) განხორციელდა 2021 წლის 23 სექტემბრის 11:12:42 და 11:13:18 საათებზე.
აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე ცალსახაა შპს აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის მაშინდელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლევან გოფოძის მიერ გაცემული წერილობითი პასუხის სიყალბე, ვინაიდან სწორედ ჩვენი განცხადების შემდგომ განხორციელდა აღნიშნული ჩანაწერების წაშლა, ხოლო აღნიშნული ჩანაწერების წაშლის შემდეგ იქნა გაცემული პასუხი, რომ თითქოს და კლინიკის ტერიტორიაზე არსებული ვიდეო კამერები გამოსულია მწყობრიდან და არ ხდება ვიდეო ჩანაწერების განხორციელება. აღნიშნული კი წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას, ( მტკიცებულებათა განადგურება). აღნიშნულზე მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნა მიღებულია თითქმის, ორი თვეა, გამოძიება ჯერაც არ დაწყებულა. გოფოძის პასუხისმგებლობის საკითხი დოკუმენტების გაყალბებაში იკვეთება, რადგან ყალბი ინფორმაცია მომაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაწერა არ ხორციელდებოდა. გამოკვეთილი დანაშაულია, კლინიკის წარმომადგენლებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს მტკიცებულებები”, – აცხადებს ჩარკვიანი.
ამასთან, ის აცხადებს, რომ ოჯახი 1 წელი და 8 თვეა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს, რა სახის მკურნალობა ჩაუტარდა მის შვილს და ხომ არ იყო ექიმთა მხრიდან გულგრილობის ფაქტები. ჩარკვიანის თქმით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა რამდენიმე თვის წინ დაასრულა, თუმცა, მას „ხელმძღვანელი პირები ხელს მიზანმიმართულად არ აწერენ“. ადვოკატს ეჭვი აქვს, რომ დასკვნის გაცემას „ამნისტიის შესახებ კანონის“ ძალაში შესვლამდე არ ჩქარობენ, ვინაიდან „სისხლის სამართლის კოდექსის 220-პრიმა მუხლი პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში ამნისტიის შესახებ, უპირობოდ და სრულად ათავისუფლებს პირებს წარდგენილ ბრალდებაში“.
გაიოზ ჩარკვიანის განმარტებით, ოჯახს ეჭვი აქვს, რომ „მის შვილს კლინიკაში ხელითაც ეხებოდნენ“. აღნიშნულის დამადასტურებლად მას სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, კლინიკის თანამშრომლისგან ფარულად მიწერილი შეტყობინებები აქვს, სადაც უცნობი პირი მას კონკრეტულ სახელებსა და გვარებს წერს, ვინც ახალგაზრდა ფეხბურთელს ფიზიკურად გაუსწორდა.
„თქვენი შვილის დროს, დამხმარედ ვიყავი, ძალიან დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გამოყენება ხდებოდა, იმაზე მეტის, ვიდრე გაიხარჯა, მაგას რასაც უკეთებდნენ, დამატებით სხვას აწერდნენ და უკეთდებოდა მას, დღემდე ასე ხდება, ეწერა ერთს, უკეთდება სხვას… არ ვიცი, რატომ გაიმეტეს, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს სამედიცინო თვალსაზრისით, ძალიან ბევრი ნარკოტიკი გაიხარჯა, ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა, სისხლიანი ნახველი ჰქონდა“, – წერს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამას უცნობი პირი.
ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ