1 აგვისტოდან დაიწყება „აგენტების კანონით“ გათვალისწინებულ ბაზაში რეგისტრაცია – ამბობს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ უკვე მზად აქვთ ტექნიკური ბაზა, რომელიც აუცილებელი იყო „აგენტების კანონის“ ბაზაში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის. ამის შესახებ მან იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ უკვე განაცხადის გაკეთება… ყველაფერი [ტექნიკური ბაზა] მზად არის… თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, იცით თქვენ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას“, – თქვა მინისტრმა.
რატი ბრეგაძეს კითხვა „ფორმულის“ ჟურნალისტმა დაუსვა. მინისტრმა თავდაპირველად თქვა, რომ არ უპასუხებდა შეკითხვას, რადგან მისი დასმის დროს ჟურნალისტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ნაცვლად „აგენტების კანონი“ ახსენა.
მინისტრი: მაგ კითხვაზე არ გაგცემთ პასუხს, სანამ კანონის სახელს არ იტყვით სწორად.
ჟურნალისტი: მსოფლიო ეძახის ამ კანონს [„აგენტების კანონს“] ასე.
მინისტრი: მე გითხარით, თქვით კანონის სახელი.
ჟურნალისტი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
მინისტრი: აი, ეგრე კი ბატონო.
ჟურნალისტი: ხომ იცანით, რომელ კანონზეც გეუბნებოდით.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, -მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.
„აგენტების კანონის“ გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი – ქართველები ევროკავშირის წევრობაზე ოცნებობენ – სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს