Modern Dog Resort-ში ყველაზე დიდი მოთხოვნა ძაღლების ბაღზეა – რა ღირს მომსახურება?

Modern Dog Resort-ი თბილისში წლინახევრის წინ გაიხსნა და ძაღლის პატრონებს 4 ტიპის სერვისს სთავაზობს: ძაღლების ბაღი, ძაღლების სასტუმრო, გრუმინგი და წვრთნა, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური და საგამოფენო. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას Modern Dog Resort-ი მარკეტინგის მენეჯერი, თამთა ლეკიაშვილი ამბობს, დაინტერესება მზარდია და ყველაზე დიდი მოთხოვნა ძაღლების ბაღზეა.
„Modern Dog Resort პირადი საჭიროებიდან და ძაღლების სიყვარულიდან გამომდინარე შეიქმნა. მანამდე არ იყო თბილისში ისეთი სერვისი, სადაც ძაღლს დატოვებდი და მშვიდად იქნებოდი. ბაღში დღის განმავლობაში რჩებიან ძაღლები, Modern Dog Resort-ში მათთვის კომფორტული გარემოა შექმნილი. დილით – 7-8 საათიდან მანქანას მოჰყავს ისინი და მერე უკან მიჰყავს. ბაღი საღამოს 6 საათამდე მუშაობს. პატარა ზომის ძაღლები ცალკე სივრცეში არიან, დიდები – ცალკე. ერთბაშად დაახლოებით 35-დან 50 ძაღლის დატოვება შეგვიძლია. თუ ქალაქგარეთ უწევთ პატრონებს გასვლა, ძაღლების სასტუმროში ვიტოვებთ ძაღლებს,“ – გვიხსნის თამთა ლეკიაშვილი.
რაც შეეხება ფასებს, Modern Dog Resort-ში ბაღი და სასტუმროს ფასები 1 დღეზე 40 ლარია, მეტისებზე – 30 ლარი; გრუმინგის ფასები სირთულიდან გამომდინარე განისაზღვრება, 50 ლარიდან იწყება და 70 ლარამდე ადის; წვრთნის ფასი – ინდივიდუალურია.
თამთა ლეკიაშვილი ამბობს, რომ ახლო მომავალში Modern Dog Resort გაფართოებას გეგმავს. მიმდინარე წლის შემოდგომაზე ახალ-ახალ სივრცეებსა და სათამაშო ადგილებს დაამატებენ, რომ ძაღლებმა კომფორტულად იგრძნონ თავი. სხვა შინაური ცხოველების სერვისის დამატებას არ გეგმავენ.