უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა დარტყმა რუსეთის კურსკის ოლქის ენერგოობიექტებზე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრმა თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობასთან ურთიერთქმედებით იერიში მიიტანა ს კურსკის ოლქში მდებარე ელექტროქვესადგურებზე. ამის შესახებ 29 ივლისს, ღამით განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
გენშტაბის ინფორმაციით, შეტევის გამო მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო სულ მცირე ოთხი ქვესადგურის რაიონში. დარტყმების შედეგებად ასახელებს კურსკის, პონიროვსკის და სოლნცევსკის რაიონების ენერგომომარაგების შეფერხებას.
გენერალური შტაბის განცხადებითვე, უკრაინის ჯარებისთვის კანონიერი სამიზნეა რუსეთის მრეწველობა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომზე მუშაობს. გენშტაბის თანახმად, დარტყმის სამიზნე ობიექტების ერთ-ერთი დანიშნულებაა უზრუნველყონ მუშაობა რკინიგზის იმ ხაზის, რომლითაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს იარაღით და ტექნიკით ამარაგებენ.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, კურსკის ოლქის ენერგოობიექტებზე შეტევა „ახლახან“ განხორციელდა. გენშტაბს არც ის დაუკონკრეტებია, რა საშუალებებით დაარტყეს რუსეთის ამ ობიექტებს.
29 ივლისს, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 19 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
სმირნოვის თანახმად, დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა ექვს, მათ შორის კურსკის, პონიროვსკის და სოლნცევსკის რაიონებში, სადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საავტომობილო ხიდი.