„გორგია:“ „თუ ლარი სტაბილური იქნება, ფასები არ გაიზრდება“

“გორგიას” გენერალური დირექტორის თორნიკე გურულის თქმით, ივლისში გაყიდვები წინა თვესთან შედარებით 30%-მდე გაიზარდა. როგორც გურულმა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, უძრავი ქონების ტრანზაქციების მიუხედავად წელი სამშენებლო-სარემონტო მასალების ინდუსტრიისთვის წარმატებულად მიმდინარეობს.
„60 ათასამდე დასახლების პროდუქცია გვაქვს, არა მხოლოდ სარემონტო-სამშენებლო, არამედ საყოფაცხოვრებო, გარე ავეჯი და ბევრი სხვა მიმართულება. ბიზნესისთვის მთავარი მოქნილობაა და ჩვენ ამ გამოწვევებს სწორედ მოქნილობით ვუპასუხებთ, იმას ვაწვდით მომხმარებელს, რაც სულ მოთხოვნადია. ცოტა ხნის წინ დაბადების დღის ფარგლებში სააქციო პერიოდი გვქონდა, ამან კიდევ უფრო წაახალისა გაყიდვები. მიმდინარე თვეში გასულ თვესთან შედარებით 30%-მდე ზრდა ვაჩვენეთ, ზრდა არის 6 თვის ჭრილშიც.
სეზონურობის გათვალისწინებით მოთხოვნადია ტექნიკა, გარე ავეჯი, ბარის პროდუქტები. კლება ალბათ უფრო შეინიშნება მშენებლობისთვის საჭირო მასალებზე,“ – განაცხადა გურულმა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ ლარი სტაბილური იქნება, ამ ეტაპზე ფასების ზრდის წინაპირობა არ არსებობს. რაც შეეხება წითელი ზღვის კრიზისს, თორნიკე გურულის თქმით, პროდუქციის მოწოდება რამდენიმე თვეა უკვე სახმელეთო გზით მიმდინარეობს.
„წითელი ზღვის კრიზისის დაძლევა ახლაც მიმდინარეობს. ჩვენ შევეცადეთ ალტერნატიული გზები გვეპოვა და დავიწყეთ სახმელეთო გადაზიდვები. ჩინეთიდან მარტივი გახდა ყაზახეთის გავლით საქართველოში შემოსვლა, დროც დაჩქარდა. თუ ზღვით მოწოდებას 4-5თვე ველოდებით, სახმელეთოთი 25 დღეში პროდუქტი აქ არის. ცოტა გაძვირდა, თუმცა უფრო გაბარიტულ ტვირთს შეეხო ეს და ამის დაბალანსებას ვახერხებთ.
ფასის ნაწილში ყველაზე მეტად ისეთი პერიოდია ხოლმე მნიშვნელოვანი, როცა დოლარის კურსია ცვალებადი. გვქონდა რაღაც პერიოდში ეს გამოწვევა, მაგრამ ახლა ლარი სტაბილურია და დღეს არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასები გაიზარდა. არ გაიზრდება თუ არ მოხდება ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება, ეს კი თავის მხრივ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სტაბილურად ვიქნებით ქვეყანაში.“- ამბობს გურული.
წინასაარჩევნოდ მოთხოვნის კლებას ელიან „გორგიაშიც,“ თუმცა კომპანიაში ფიქრობენ, რომ ბიზნესი მის დაბალანსებას ნოემბერში “შავი პარასკევით“ და დეკემბერში წინასაახალწლო შეთავაზებებით შეძლებენ.
„ისტორიულად არჩევნებს თუ დავაკვირდებით, ვნახულობთ, რომ მომხმარებლის ქცევა იცვლება. ამ პერიოდში ბევრი ელოდება შედეგებს, რაც ნიშნავს, რომ ბევრი ფული რჩება და შემდეგ მნიშვნელოვანია ამ აკუმულირებული თანხებით გადავადებული მოთხოვნის დაკმაყოფილება. ს დასრულებას ემთხვევა ხოლმე წინ ორ მნიშვნელოვან პერიოდი, ეს არის „შავი პარასკევი“ და ახალი წელი, ამიტომ მნიშვნელოვანია გადანაწილება რომ წელი დაბალანსებული გქონდეს.“ – განაცხადა გურულმა.