ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია IBCCS TAX-ის თანადამფუძნებლის და რეგიონალური დირექტორის ირაკლი არჯევანიძის შეფასებით, „საერთაშორისო ინვესტორებს საქართველო ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც IBCCS TAX-ის სერვისებსა და კლიენტებზეც ისაუბრა.
„IBCCS საქართველო” საერთაშორისო კომპანია IBCCS Tax-ის ქართული წარმომადგენლობაა. ის ქართველ და უცხოელ ინვესტორებს ეხმარება, აღმოაჩინონ საქართველოში არსებული ბიზნესპოტენციალი და განავითარონ მათი საქმიანობა. საქართველოს გარდა, საერთაშორისო კომპანიას ოფისები აქვს კვიპროსში, ესტონეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
„ტრანსპარანტულობა, ნდობა და მაღალი ხარისხის სერვისი – ესაა ჩვენი კონკურენტული უპირატესობა“, – ამბობს ირაკლი არჯევანიძე.
საემიგრაციო სერვისები ბუღალტრული სერვისები, ბიზნესის რეგისტრაცია, იურიდიული მომსახურება – ეს იმ სერვისების არასრულ ჩამონათვალია, რომელსაც „IBCCS საქართველო” კლიენტებს სთავაზობს.
როგორც ირაკლი არჯევანიძემ აღნიშნა, მომსახურების ფასი სერვისების ტიპსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
„ნახევარსაათიანი კონსულტაცია უფასოა, შემდეგ კი უკვე ანაზღაურებადია და დამოკიდებულია სერვისის ტიპზე. მაგალითად, ბუღალტერიის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია რა ბრუნვა აქვს კომპანიას და ყოველთვიური ანაზღაურება 900 ლარიდან იწყება, იურიდიული სერვისების შემთხვევაში – 800 ლარიდან და ა.შ.“, – ამბობს კომპანიის რეგიონალური დირექტორი, რომლის ინფორმაციითაც, ინვესტორებს საქართველოში ძირითადად IT და მომსახურების სფეროები აინტერესებთ.
„დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო ინვესტორებს საქართველო ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ და ჯერ კიდევ მიმალულია {საინვესტიციო რუკაზე}. დღესდღეობით, „IBCCS საქართველო” საერთაშორისო ბაზარზე უფრო ცნობადია, ვიდრე საქართველოში, ვინაიდან ჩვენი აქტივობები შემოიფარგლებოდა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობით, ასევე, თავად ვაორგანიზებდით საერთაშორისო ღონისძიებებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციისთვის. ჩვენ ერთგვარი ბიზნეს-ამბასადორები ვართ“, – ამბობს ირაკლი არჯევანიძე.
ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, ამჟამად, IBCCS TAXსაქართველოს, ჯამში, 108 კლიენტი ჰყავს, რომელთა შორის არიან როგორც ადგილობრივი კომპანიები, ისე – უცხოური.
„ყველაზე დიდი კომპანია, რომელიც შემოვიყვანეთ, რომლისთვისაც 120-მდე თანამშრომელი უკვე დავიქირავეთ, IT სფეროდან არის. ნებართვა არ ამიღია და სახელს ვერ ვიტყვი, მაგრამ აშშ-ში რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანიაა. რაც შეეხება ჩვენი კლიენტების გეოგრაფიას, 70% უჭირავს პოლონეთს, რადგან ჩემი ერთი პარტნიორი პოლონელია და კარგი კონტაქტები გვაქვს. გარდა ამისა, კლიენტები გვყავს უკრაინიდან, კვიპროსიდან და ისრაელიდან. ამასთან, ჩვენ გადავწყვიტეთ სპარსეთის ყურის და შუა აზიის ქვეყნებიდანაც მოვიზიდოთ ინვესტიციები და ვფიქრობ, შემდეგი წლისთვის, როცა შევაჯამებთ შედეგებს, ხუთეულში ისინიც მოხვდებიან“, – განაცხადა ირაკლი არჯევანიძემ.
„წერტილთან“ ინტერვიუში IBCCS TAX-ის თანადამფუძნებელმა საინვესტიციო კლიმატზე „რუსული კანონის“ გავლენაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ კანონმა ევროპელი ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა.