ბაზარზე ქართული ბრენდი, “ნიკოლაიშვილის” არაყი გამოჩნდა. როგორც ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ნიკოლაიშვილმა bm.ge-ის განუცხადა, “ნიკოლაიშვილი” არაყი 2022 წლიდან მზადდება და ამ ეტაპზე მომხმარებელს რამდენიმე ნატურალური ექსტრაქტით დამზადებულ არაყს სთავაზობს: შინდის, ლაიმის, მოცხარის, ხორბლის არყები და მუხაში დაძველებილი ჭაჭა.
“ახლა ვამზადებთ და ვაპირებთ გავყიდოთ მუხაში დაძველებული ჭაჭა, რომელიც მავნე ზეთებისგან დაწმენდილია და ნაკლებად იწვევს ე.წ. ბახუსს. ჩვენ არ ვიყენებთ შაქარს, ვამატებთ ფრუქტოზას, რაც ორგანიზმისთვის მავნებელი არ არის”, – განაცხადა ლევან ნიკოლაიშვილმა.
ოჯახს წარმოება ავჭალაში აქვს, სადაც დავით ნიკოლაიშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს. ამჟამად 10-მდე ადამიანს ასაქმებენ და საწარმოს მოსაწყობად პარტნიორებთან ერთად ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს.
ლევან ნიკოლაიშვილის თქმით, საწარმო ამ ეტაპზე ნახევარლიტრიანი ბოთლებით აწარმოებს არაყს მხოლოდ იმ ოდენობით, რაც იყიდება, თუმცა შესაძლებლობა აქვს, 80 ათასამდე ბოთლი აწარმოოს.
“ამ ეტაპზე პროდუქცია იყიდება რამდენიმე სუპერმარკეტების ქსელში, მათ შორის “უნივერსამში”, ‘ნიკორაში”, “ვეიმარტში”, “ზღაპარში” და ისე, არა ბრენდულ მაღაზიებში. პროდუქცია ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოში იყიდება, თუმცა ვმუშაობთ საექსპორტო მიმართულებით. ვემუშავებით არაერთ კომპანიას, რომელსაც მოსწონს ჩვენი პროდუქცია და სურს გატანა სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად აზიის მიმართულებით და ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათ შორს ფასებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ლევან ნიკოლაიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ამჟამად “ნიკოლაიშვილების” არაყს ლევან და მიხეილ ნიკოლაიშვილები აწარმოებენ. როგორც ლევან ნიკოლაიშვილი გვიყვება, მიხეილ ნიკოლაიშვილი, მისი მამა, თბილისის კონიაკის საამქროს ხელმძღვანელი იყო, ხოლო ბაბუა, დავით ნიკოლაიშვილი სარაჯიშვილის კონიაკის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი, რომლის სახელსაც უკავშირდება ისეთი კონიაკები, როგორიც არის “საიუბილეო”, “გრემი”, “აფხაზეთი” და ა.შ. გარდა ამისა, დავით ნიკოლაიშვილი იყო ღვინის ტექნოლოგი და აღიარებული ექსპერტი საფრანგეთში. ლევან ნიკოლაიშვილის თქმით, “ნიკოლაიშვილის” არაყი სწორედ ტრადიციებსა და გამოცდილებების გაზიარებით მზადდება.