კონგრესის არჩევნები – 8 უბანი, რომელსაც გამორჩეული ყურადღებით დააკვირდებიან

5 ნოემბრის არჩევნებში, ამერიკის მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად, კანონმდებლებსაც აირჩევენ. ისინი კონგრესის სრულ შემადგენლობას და სენატის დაახლოებით ერთ მესამედს უყრიან კენჭს. ორივე პარტიისთვის ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება იმის განსასაზღვრად, თუ ვინ გააკონტროლებს ორივე პალატას.
რამდენიმე შტატში არჩევნები განსაკუთრებით საყურადღებო შეიძლება იყოს.
არიზონა
არიზონაში ამომრჩევლების პარტიულ პრაიმერებში კენჭისყრა სამშაბათს დაიწყება. არიზონის პირველ უბანში დემოკრატებისთვის მთავარი სამიზნე რესპუბლიკელი დევიდ შვეიკერტი იქნება. ის პირველად 2010 წელს აირჩიეს. 2022 წელს მან მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. მის შესაძლო დემოკრატ მეტოქეთა შორისაა კონორ ო’კალაგანი, ფინანსების სფეროს წარმომადგენელი, რომელიც პირველად იყრის კენჭს; ანდრეი ჩერნი, პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მის საჯარო გამოსვლებზე მუშაობდა და შტატში პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ამიშ შა, შტატის კანონმდებელი და ექიმი.
დემოკრატები, რესპუბლიკელი კანდიდატების დამარცხებას არიზონის სხვა უბნებშიც ცდილობენ. არიზონის დედაქალაქ ფენიქსის ზონაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პოსტი გაათავისუფლა და ის სენატში იყრის კენჭს.
რესპუბლიკელები ასევე ყურადღებით არჩევენ პენსიაზე გასული წარმომადგენლის, დები ლესკოს შემცვლელსაც, არიზონის მე-8 უბანში. ვარაუდობენ, რომ იქ კვლავ რესპუბლიკელი კანდიდატი გაიმარჯვებს.
ვაშინგტონი
ვაშინგტონში პრაიმერები 6 აგვისტოს იმართება. იქ, 2022 წელს დემოკრატმა კანონმდებელმა, მარი გლუსენკამპ პერეზმა რესპუბლიკელი მეტოქე 1%-იანი უპირატესობით დაამარცხა. წელს, ჯო კენტი, მისი მაშინდელი ოპონენტი, რომელსაც შტატის რესპუბლიკურმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი, მის დამარცხებას მეორედაც შეეცდება. კენტი 2020 წლის საყოველთაო არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებდა და 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმის თაობაზე ზოგიერთ შეთქმულების თეორიაზეც საუბრობდა.
უისკონსინი
რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ გალაგერი, რომელიც პარტიაში ამომავალ ვარსკვლავადაც კი მიიჩნეოდა, 25 აპრილს გადადგა. უისკონსინში სპეციალური არჩევნებია დანიშნული, რათა გალაგერის პოზიცია შეივსოს მისი მანდატის ვადის გასვლამდე. 5 იანვრის არჩევნებში მონაწილეობისთვის პრაიმერები 13 აგვისტოსაა დაგეგმილი.
მისი ჩანაცვლების სურვილი არჩევნებში 3-მა რესპუბლიკელმა და ორმა დემოკრატმა გამოთქვა. მათ შორის არიან შტატის კანონმდებელი, შტატის სენატის ყოფილი პრეზიდენტი და ექიმი-გინეკოლოგი. ვარაუდობენ, რომ იქ რესპუბლიკელებმა დამაჯერებლად უნდა გაიმარჯვონ.
ნიუ-იორკი
ნიუ-იორკის შტატში მემარცხენეებმა შესაძლოა პოზიციები დაკარგონ. წარმომადგენელი ჯამაალ ბოუმანი მემარცხენე ფრთის პირველი წევრია პალატის დემოკრატებიდან, ვინც პოზიცია ჯორჯ ლატიმერის, ცენტრისტი დემოკრატის სასარგებლოდ დაკარგა. ბოუმანი ღაზაში ს სამხედრო მოქმედებებს და ომს აქტიურად აკრიტიკებდა, ლიბერალური ჯგუფები კი ისრაელის მხარდამჭერების მიერ ბოუმანის საწინააღმდეგო რეკლამებს აკრიტიკებდნენ. ბოუმანი ასევე უარყოფითად შეაფასეს მას შემდეგ, რაც კონგრესში გასული წლის კენჭისყრისას სახანძრო განგაში ჩართო.
ლატიმერი ვესტჩესტერის ოლქის წამყვანი ოფიციალური პირია, ის ბოუმანს პრეზიდენტ ბაიდენის ინფრასტრუქრურის კანონის საწინააღმდეგო პოზიციებში ადანაშაულებდა. დემოკრატი კანდიდატების ურთიერთკრიტიკის მიუხედავად, მიიჩნევა, რომ ოლქში მაინც პარტიის წარმომადგენელი გაიმარჯვებს.
ნიუ-იორკის გარეუბნები
დემოკრატიული პარტიის ნომინაცია ქალაქ ნიუ-იორკის პალატაში წარმოსადგენად CNN-ის ყოფილმა ჟურნალისტმა, ჯონ ავლონმა მოიპოვა. ის რესპუბლიკელ კანონმდებელ ნიკ ლალოტას დაუპირისპირდება. დემოკრატები შტატში რამდენიმე უბნის “დაბრუნებას” ეცდებიან.
კოლორადო
კოლორადოს მეოთხე უბანში, ივნისში, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი კონსერვატორმა ლორენ ბოიბერტმა მარტივად მოიგო. მან მეოთხე უბანში მესამე უბნიდან გადაინაცვლა, სადაც უფრო ძლიერი კონკურენტის პირისპირ იყო.
მეოთხე უბნის წარმომადგენლის პოზიცია პალატაში ახლა ვაკანტურია, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კენ ბაკმა კონგრესი მისი ორწლიანი მანდატის ამოწურვამდე დატოვა.
გრეგ ლოპესმა, ყოფილმა რესპუბლიკელმა მერმა სპეციალური არჩევნები მოიგო, და ბაკის ვადა დაასრულა, მაგრამ ნოემბერში კენჭისყრას არ აპირებს. თუმცა ვარაუდობენ, რომ იქ მაინც რესპუბლიკელი კანდიდატი გაიმარჯვებს.
ვირჯინია
წარმომადგენელთა პალატის ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის წევრი ბობ გუდი ივლისში გამართულ პრაიმერში ჯონ მაკგუაირთან დამარცხდა. გუდმა პარტიაში მნიშვნელოვანი მტრები გაიჩინა მას შემდეგ, რაც პარტიის პრაიმერებში ღიად დაუჭირა მხარი ფლორიდის გუბერნატორს, რონ დესანტისს. ის იმ 8 კონგრესმენს შორის იყო, ვინც სპიკერ მაკკართის გადაყენებას დაუჭირა მხარი. მაკკართიმ და დონალდ ტრამპმა მხარი მის კონკურენტს, მაკგუაირს დაუჭირეს. ამ უბანსაც რესპუბლიკელებისთვის მარტივად მოსაგებად მიიჩნევენ.
ოჰაიო
მაიკლ რულიმ, შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა 11 ივნისს სპეციალური არჩევნები მოიგო და ოჰაიოს წარმომადგენლის ბილ ჯონსონის ჩასანაცვლებლად ბრძოლის უფლება მოიპოვა. ის დემოკრატ მაიკლ კრიპჩაკს დაუპირისპირდეს. დემოკრატი კანდიდატი გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენელი იყო, შემდეგ კი ლოკაციის ამომცნობი ელექტრონული ტექნოლოგიების კომპანიაა დააფუძნა. რული და კრიპჩაკი ერთმანეთს ნოემბერში დაუპირისპირდებიან, თუმცა უბანს დამაჯერებლად რესპუბლიკური უმრავლესობის მქონე უბნად მიიჩნევენ.