გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს – „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელი

“გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებლის, ქეთი კვიჭიძის განცხადებით, მსოფლიოში ქართული გასტრონომიის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება. ამის შესახებ კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.
“გასტრონომიული ტურიზმი ზოგადად, მთელ მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადი გახდა. მით უმეტეს, საქართველოში, რადგან ამ მხრივ ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, მრავალფეროვანი გასტრონომია გვაქვს. მსოფლიოში ქართული გასტრონომიის მიმართ დიდი ინტერესი დღითი დღე იზრდება. ეს გამოიხატება არა მარტო იმაში, რომ ტურისტები ჩამოდიან, არამედ უცხოეთში ქართული რესტორნების გახსნის კუთხითაც. მაგალითისთვის, თუ საზღვარგარეთ ადრე რომელიმე მფლობელს თითო რესტორანი ჰქონდა, დღეს უკვე ფილიალებს ხსნიან. დიდი მოთხოვნაა -ში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თავის დროზე, სანამ ში ომი დაიწყებოდა , ფაქტობრივად, ყველა მეორე რესტორანი ქართული იყო. ამ კუთხით ძალიან დიდი მოთხოვნაა, თავად ვეხმარები, შარშან რესტორანი სტამბულში გავხსენით , რაც იშვიათობაა. სტამბულში არცერთი ქართული რესტორანი არ იყო და წელს უკვე სამია. ქართული რესტორნის გახსნაში კვიპროსზეც ვეხმარები, იქაც რამდენიმე რესტორანი გახლავთ, თან უცხოელები ხსნიან. ეს არის საინტერესო: ქართველები კი არ ხსნიან, ან იქაურები ხსნიან, ან უკრაინელები, ან ზოგადად ის, ვინც ქართული გასტრონომია იცის. უცხოეთში ამ მხრივ დიდი მოთხოვნაა. როდესაც ისინი ქართულ კერძებს გასინჯავენ, დააგემოვნებენ, ინტერესი გაუჩნდებათ, რომ საქართველოში უფრო მეტად ჩამოვიდნენ და ავთენტური კერძები აქ გასინჯონ.
რაც შეეხება ტურისტებს – 2 დღის წინ შვეიცარიიდან ჩამოვედი, ტურისტული ნაკადები იქაც შეცვლილია , იქაურებიც წუწუნებენ, წელს ისეთი ბევრი ტურისტი არ გვყავსო. უფრო მეტად აზიელები, ინდოელები, ჩინელები არიან, იქაც იგივე სიტუაცია დამხვდა, მეგონა, ასე უფრო მეტად ჩვენთან იყო. აზიიდან მეტი ტურისტია ჩამოსული. როგორც ჩანს, მსოფლიო ტენდენციაა ასეთი. საინტერესო ისაა, რომ ადრე თუ მათ გასტრონომია დიდად არ აინტერესებდათ , ახლა მათი ქცევა ძალიან შეცვლილია, რამდენიმე ხნის წინ თურქი ტურისტები გვყავდა, რომლებმაც ღვინის ტური ჩაგვატარებინეს. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან ადრე მუსლიმანური ქვეყნები არც გასტრონომიით, არც ღვინით დიდად არ ინტერესდებოდნენ. ეს ინტერესი უკვე მათშიც რომ გაჩნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგია” – განაცხადა კვიჭიძემ.
მანვე იმასთან დაკავშირებით ისაუბრა, თუ რატომ არის საქართველო გასტროტურისტებისთვის მიმზიდველი.
“ინტერესი იმიტომ არის, რომ პირველ რიგში გემრიელი და მრავალფეროვანია. იგივე ხინკალი რომ ავიღოთ, იგივენაირი კერძი ბევრ ქვეყანაში გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებულობა ტექნოლოგიურ პროცესშია , ასევე გემოებში. იგივე ქართული ფხალეული, რომელიც უნიკალურია. მსოფლიო ტენდენცია იქითკენ წავიდა, რომ ვეგანური და ჯანსაღი პროდუქტები უფრო პოპულარული გახდა. ქართული გასტრონომია ამ ყველაფერს ძალიან კარგად მოიცავს. ამის პოპულარიზაცია უფრო მეტად შეიძლება. “გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაცია” ლონდონში ჩატარებულ გასტრონომიულ ფესტივალში იყო ჩართული. საქართველოს ჩვენი თავმჯდომარე გურამ ბაღდოშვილი წარმოადგენდა, ფესტივალზე უდიდესი ინტერესი გაჩნდა. მან აღნიშნა, სტუმრად ჩამოვედით და მასპინძლებად ვიქეცითო. ჩვენს სტენდთან, ფაქტობრივად, რიგები იდგა. ქართული გასტრონომია დიდ ინტერესს იწვევს უნიკალური გემოების, სურნელის გამო ,იგივე სუნელით, მწვანილით, რომელსაც ბევრს ვხმარობთ, სოუსების მრავალფეროვნება გვაქვს. ეს მათთვის ახალია. იტალიურმა, ტაილანდურმა პოპულარობა უკვე მოიპოვა , ჩვენი როგორც სიახლე, ისე შემოვიდა. გასტრონომიული ტურისტისთვის სიახლე ყოველთვის საინტერესოა. ისინი ყოველთვის სიახლეს ეძებენ.
ლონდონში ფესტივალმა ძალიან კარგად ჩაიარა. დიდი რიგები იყო და ქართულმა გასტრონომიამ დიდი მოწონება დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ეს პოპულარიზაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გაგვიცნონ. რაც მეტს გავიტანთ, გავასინჯებთ, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა ნაბიჯი საიმიჯო და მნიშვნელოვანი იქნება.
გასტრონომიული ტურიზმით ევროპის ქვეყნებიდან, იაპონიიდან, აშშ-დან იყვნენ ხოლმე დაინტერესებულები, მაგრამ ქცევა შეიცვალა . მაგალითად, ინდოელებში, რომლებიც თავიანთი გასტრონომიის გარდა არაფერს აღიარებდნენ, თავის მზარეულები ჩამოდიოდნენ ხოლმე, ინტერესი გაჩნდა, ღვინით და გასტრონომიული ტურიზმითაც კი დაინტერესდნენ. ასე რომ, ქცევა შეიცვალა. უფრო გლობალური გახდა, ინტერესები გაფართოვდა”- განაცხადა კვიჭიძემ.
კვიჭიძემ სექტორში არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრა.
“მთავარი პრობლემაა ის, რომ პროდუქტების მრავალფეროვნება არ გვაქვს. ალბათ, სოფლის მეურნეობის განვითარება ხელს შეუწყობს იმას, რომ პროდუქტებიც განვითარდეს. საუბარია იმაზე, რომ ავთენტური პროდუქტების შენარჩუნება მოხდეს, სარესტორნო ბიზნესში ავთენტურ პროდუქტებს უფრო მეტად რომ მოვიხმარდეთ. აქ კონკრეტულად რა იგულისხმება: საქართველოში დიდი პრობლემაა რომ ნორმალური ყველი, რძის პროდუქტი შევიძინოთ. თუ სეზონი არაა, კარგ, ნორმალურ პამიდორს ვერ ნახავთ. გამიგრძელდება ჩამოთვლა. იგივეა ხორცპროდუქტებზეც – ადგილობრივ პროდუქტებზე დიდი პრობლემაა, ასევე თევზეულზე. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ განვითარდეს. თუ პროდუქტები არ გვექნა, გასტრონომიის ვერანაირ განვითარებაზე ვერ ვისაუბრებთ. მეორე დიდი პრობლემა სერვისის მხრივაა – განვითარდა, მაგრამ მაინც მოიკოჭლებს. მნიშვნელოვანია, ამ მხრივ მივხედოთ, ტრენინგები ჩატარდეს. ნორმალურ მიმტანს ვერ იპოვით. ჩვენთან ეს პროფესია პროფესიად ვერ ჩამოყალიბდა. სტუდენტები მიდიან – მოდიან. ბევრ ქვეყანაში ასაკობრივი ზღვარი არაა, ადამიანები ამას პროფესიად აღიქვამენ”, – განაცხადა კვიჭიძემ.
kvira.ge

ასევე დაგაინტერესებთ