„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 12-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

2011 წლიდან დღემდე, „ფონდი ნატახტარი“ 1,092,593 ლარით 700-მდე მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდას დაეხმარა „ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოს“ პროფესიული მხარდაჭერით. შედეგად ასობით ახალგაზრდამ დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო და ბევრი წარმატებულ კარიერასაც აშენებს. ამ ყველაფერს კი უზრუნველყოფს „ფონდი ნატახტარის“ 3 ძირითადი პრიორიტეტი: განათლება, დასაქმება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
12 წლის განმავლობაში, „ფონდმა ნატახტარმა“ რესურსები იმ საჭიროებებზე გადაანაწილა, რაც თითოეული ახალგაზრდისთვის აქტუალური იყო. ამ ხნის განმავლობაში, ფონდის დახმარებით:
· 72-მა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება ან ამჟამად სწავლობს უმაღლეს სასწავლებლებში
· 355-მა ბენეფიციარმა მიიღო პროფესიული განათლება
· 235-ზე მეტმა ახალგაზრდამ შეისწავლა ხელობა და გაიარა სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალთან
· 690-მა ბენეფიციარმა მიიღო ფსიქოლოგის ინდივიდუალური მომსახურება
დღეის მონაცემებით, პროექტში ჩართული ახალგაზრდების 90% მუშაობს, მათგან 70%-ზე მეტი კი სტაბილურად არის დასაქმებული.
„ფონდი ნატახტარისა“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი-საქართველოს“ ინიცირებით, 2018 წელს, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის სოციალური პროგრამა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა და დღემდე ფუნქციონირებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები წელიწადში 1200 ლარით ფინანსდებოდნენ, რომლის გამოყენებაც შეეძლოთ უმაღლესი განათლებისათვის, ტრანსპორტირების ხარჯებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ბოლო 6 წლის განმავლობაში პროგრამა საკმაოდ მოთხოვნადი გახდა და ეტაპობრივად გაიზარდა ბიუჯეტი. 2025 წლის იანვრიდან თითოეული ახალგაზრდა წლის განმავლობაში 1200 ლარის ნაცვლად დაფინანსდება 2000 ლარით. გარდა ამისა, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული სტუდენტი ახალგაზრდების განათლებისა და ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება სხვა შესაბამისი პროგრამებიდან, ხოლო სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის სოციალური პროგრამით გამოყოფილი 2000 ლარით პროგრამის ბენეფიციარები შეძლებენ გადაიხადონ ბინის ქირა ან/და შეიძინონ საყოფაცხოვრებო ნივთები.
„ფონდი ნატახტარის“ 2023 წლის საჭიროებები, რესურსები და ანგარიში ასე გამოიყურება:
მთლიანობაში 2023 წელს მომსახურება 30 ახალგაზრდას გაეწია. ყველა იღებდა ინტენსიურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, მათ შორის, 6 ახალგაზრდას ჩაუტარდა ფსიქოთერაპიის სრული კურსი. გასულ წელს 8 ახალგაზრდას ერიცხებოდა სტიპენდია დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის მიზნით. ამასთან, 1 ახალგაზრდა დაფინანსდა საოჯახო ტექნიკის შეძენისთავის აუცილებელი თანხით. 2 ახალგაზრდა უზრუნველყოფილი იქნა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით. გარდა ამისა, მათ ჩაუტარდათ სამედიცინო დიაგნოსტირება და მკურნალობა. 4 აბიტურიენტს ჩაუტარდა პროფესიული კონსულტირება, თუმცა მომზადებისთვის საჭირო თანხა სერვის პროვაიდერმა უზრუნველყო. 15 ახალგაზრდა მომზადდა, გადამისამართდა და ჩართული იქნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ პროექტში, კერძოდ, ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროგრამაში „აფლატუნი“, პროფესიის შესწავლისა და დასაქმების მიზნით.
საბოლოო ჯამში, „ფონდი ნატახტარის“ საქმიანობის შედეგად, 2023 წელს მომსახურება გაეწია 30 ახალგაზრდას, მათგან 25 დასაქმდა. 15-მა ბენეფიციარმა კი ფონდის დახმარებით უკვე შეძლო დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება.
„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მხარდაჭერას განათლების მიღებასა და დასაქმებაში. პროექტი ხორციელდება გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოსთან“ პარტნიორობით. ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია მათთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა: ფსიქოკონსულტირება, ფსიქოდიაგნოსტირება და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოთერაპია. თითოეული ახალგაზრდისთვის თანხა მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში, ბენეფიციართა დახმარების სახეებია: საცხოვრებლით უზრუნველყოფა, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიღების მხარდაჭერა, კომუნალური ხარჯების დაფარვა, მგზავრობის თანხის გადახდა, სახელმძღვანელოებისა და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, სამედიცინო კვლევებისა და მკურნალობის დაფინანსება, მედიკამენტების შეძენა და სხვ.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ