მერაბ ტურავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობოებისა და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება

მერაბ ტურავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობოებისა და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება.
როგორ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „გონივრულ ვადებში იქნება მიღებული“.
„როგორც მოგეხსენებათ, კანონთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია სარჩელები. პირველი სარჩელი შემოიტანა საქართველოს პრეზიდენტმა, სადაც ის ასაჩივრებს კანონის მუხლებს და უთითებს კონსტიტუციის შესაბამის მუხლებს. მეორე სარჩელი შემოტანილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. თუ არ ვცდები, 121 არასამთავრობო ორგანიზაცია არის და ერთი მედიასაშუალება. დღეს როგორც გავიგე, მესამე სარჩელი შემოიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში და სარჩელის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები. როგორც თქვენთვის ცნობილია, პარლამენტის წევრთა მინიმუმ 1/5 უნდა უჭერდეს მხარს სარჩელს, ეს არის 30 დეპუტატი. ჩემი ინფორმაციით, ეს არის 1/5-ზე მეტი. სამივე სარჩელი გაერთიანდება ერთ წარმოებად. საქართველოს პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი გაერთიანებულია ერთ წარმოებად. ამასთან დაკავშირებით უკვე არსებობს რეზოლუცია. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების სარჩელს, ეს სარჩელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმ ორ სარჩელს შეუერთდება“,-განაცხადა ტურავამ.
მისი განმარტებით, საკითხის განხილვას მინიმუმ 1 თვე მაინც დასჭირდება.
„კანონი არამარტო უნდა წავიკითხოთ, არამედ შედარებითი სამართლის კვლევა უნდა ჩავატაროთ და ამას 1 თვემდე მაინც დასჭირდება. ვადებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განსაზღვრავს. ეს სარჩელები არ განიხილება კოლეგიის ფორმატში, პლენუმის ფორმატში განიხილება. ამ ეტაპზე მოსამართლეები სარჩელებს სწავლობენ“,-განაცხადა ტურავამ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მისთვის და ყველა მოსამართლისთვის ევროპა და ევროინტეგრაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.
„ევროინტეგრაცია ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ მგონია, რომ ევროპული ორიენტაცია მე და ჩემს მოსამართლეებს უფრო ნაკლები ჰქონდეთ, ვიდრე თქვენ. თქვენზე ნაკლები ევროპელები არ ვართ“, – მიმართა ტურავამ ჟურნალისტს.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას, მერაბ ტურავა აღნიშნავს, რომ სასამართლო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსად იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პროცესის ყველა მონაწილეს მოეწონება.
„საზოგადოების ნაწილს აქვს უნდობლობა და ნაწილს ნდობა. საბოლოოდ, გადაწყვეტილება რომ მიიღება, იმის მიხედვით განისაზღვრება ნდობა-უნდობლობის საკითხი. სასამართლო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსად იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პროცესის ყველა მონაწილეს მოეწონება. გადაწყვეტილება უნდა იყოს სწორი, კანონიერი, კონსტიტუციის შესაბამისი და ვის მოეწონება და ვის არა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ“,-განაცხადა ტურავამ.
კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს თუ არა ევროკავშირიდან დაფინანსება მიღებული, მერაბ ტურავამ განმარტა, რომ აქვს.
„მე ვიყავი პირველი იურისტებში, რომელიც ევროპაში წავედი 1989 წელს. ყველანაირი გრანტი, დაფინანსება და მხარდაჭერა მაქვს მიღებული“, – განაცხადა ტურავამ.
ipn.ge