საქართველოში გასულ წელს 243 საავადმყოფო და 2 295 ამბულატორია ფუნქციონირებდა – საწოლფონდი წლიურად 14.5%-ით შემცირდა

2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 243 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 15.4 ათასს შეადგენდა, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.3 დღე შეადგინა (2022 წელს – 5.1 დღე), ხოლო დატვირთვამ – 204.9 დღე (2022 წელს – 167.2 დღე).
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 295 ერთეულს შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რაოდენობა 15.4 მილიონი იყო, რაც 1.1 პროცენტით აღემატება 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2023 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 24.4 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ – 21.5 ათასი.
წინა წელთან შედარებით რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებები გაიზარდა 53.4 პროცენტით, ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა – 51.5 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები – 50.0 პროცენტით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები – 45.4 პროცენტით, ხოლო ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები – 42.3 პროცენტით.
ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, თვალისა და მისი დანამატებისა და ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები.
2023 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 612 ერთეული შეადგინა, რაც 5 ერთეულით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო შიდსით დაავადებულთა კუმულატიური რიცხოვნობა 10 391 ერთეულით განისაზღვრა. 2023 წელს შიდსით გარდაცვალების 122 შემთხვევა დაფიქსირდა.
2023 წელს მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით 12.7 პროცენტით შემცირდა და 1 444 ერთეული შეადგინა. ახალი შემთხვევების რაოდენობა 13.4 პროცენტით შემცირდა.
2023 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.1 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.9 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.