Georgian Airways-ით ცხოველის სალონით და საბარგულით ტრანსპორტირება 190-დან 250 ევრომდე ღირს

Georgian Airways-ს გადაჰყავს მხოლოდ ძაღლები და კატები, როგორც სამგზავრო სალონით ასევე თვითმფრინავის საბარგულით. მგზავრებმა თან უნდა იქონიონ ყველა საჭირო დოკუმენტაცია ცხოველების ტრანსპორტირებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას Georgian Airways ავრცელებს.
ცხოველის სალონით და საბარგულით ტრანსპორტირების ფასები ასეთია: კონტეინერის წონა სალონში შინაური ცხოველით: 8კგ–190 ევრო; კონტეინერის წონა ბარგის განყოფილებაში შინაური ცხოველით: 8-45კგ–250 ევრო
განცხადებაში ნათქვამია, რომ მგზავრებმა უნდა დაიცვან შესაბამისი ქვეყნების სამთავრობო იმპორტ-ექსპორტის წესები. ბილეთის დაჯავშნის დროს უნდა შეატყობინონ აგენტს/კომპანიას, რომ შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობენ.
Georgian Airways-ს ძაღლები და კატები გადაჰყავს შემდეგი პირობებით:
· ლეკვების და კნუტების მინიმალური ასაკი უნდა იყოს მინიმუმ 4 თვე.
· ცხოველი უნდა იყოს ჯანმრთელი.
· ცხოველი უნდა მოთავსდეს დაცულ კონტეინერში მთელი ფრენის განმავლობაში (არ ეხებათ გამძღოლ ძაღლებს).
გასათვალისწინებელია, რომ ცხოველის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომ კლასის კაბინაში. ბიზნეს და პრემიუმ-ეკონომ კლასის ბილეთებით ცხოველთან ერთად კაბინაში ვერ იმგზავრებთ. ამ შემთხვევაში ცხოველი უნდა დარეგისტრირდეს ხომალდის საბარგულში.
ცხოველის და კონტეინერის წონა
ხომალდის სალონში ცხოველის და კონტეინერის საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 8კგ და 55x40x23 ზომებს. მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ თან ცხოველების კონტეინერი.
ცხოველები, რომელთა წონა აჭარბებს 6კგ-ს შეიძლება გადაყვანილ იქნან მხოლოდ საჰაერო ხომალდის საბარგულით.
კონტეინერის მახასიათებლები
კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს: მყარი პლასტმასისგან, უნდა ჰქონდეს რკინის კარი და ვარგისი უნდა იყოს საჰაერო ტრანსპორტირებისთვის; კონტეინერი უნდა იყოს ჰაერგამტარი სამი მხრიდან, სუფთა, გაუჟონვადი და ცხოველისთვის შეუძლებელი უნდა იყოს გაქცევა; მას უნდა გააჩნდეს საკმარისი სივრცე იმისათვის, რომ ცხოველს შეეძლოს ადგომა, დაწოლა და ბუნებრივად მოძრაობა; კონტეინერის ძირი დაფარული უნდა იყოს სითხის შემწოვი ქსოვილით. ამას გარდა, კონტეინერში მოთავსებული უნდა იყოს ცხოველის ჯანმრთელობის მოწმობის ასლი, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.