ხათუნა სამნიძე – ერთ მხარეს არის საზოგადოება, ოპოზიცია, პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მეორე მხარეს კი „ქართული ოცნება“ – დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ის ამომრჩევლისგან მკაფიო პასუხს მიიღებს

„ქართულმა ოცნებამ“ არაფრად ჩააგდო არც ოპოზიციის, არც ახალგაზრდების, არც საზოგადოების უმრავლესობის ხმა და მაინც მიიღო ეს კანონი. ბუნებრივია, საპარლამენტო ოპოზიცია ვერთიანდებით და ვაპირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში ვიდავოთ, რადგან ეს კანონი პირველ რიგში არღვევს ადამიანის უფლებებს, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ადამიანის უფლებების გარდა, ქვეყნის კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება.
„სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები „რუსულ კანონს“ ორჯერ შეეწინააღმდეგნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ხელისუფლებას გაეგო, რომ ამ კანონით ქვეყანა დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს დაკარგავდა, „ქართულმა ოცნებამ“ არაფრად ჩააგდო არც ოპოზიციის, არც ახალგაზრდების, არც საზოგადოების უმრავლესობის ხმა და მაინც მიიღო ეს კანონი. ბუნებრივია, საპარლამენტო ოპოზიცია ვერთიანდებით და ვაპირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში ვიდავოთ, რადგან ეს კანონი პირველ რიგში არღვევს ადამიანის უფლებებს და ქვეყნის კონსტიტუციას, 78-ე მუხლს და ქვეყანას ფაქტობრივად ევროპისკენ მომავალს უკეტავს.
ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ნაწილში ისევ ჩვენი საზოგადოების გვერდით ვიდგეთ იმიტომ, რომ ერთ მხარეს არის საზოგადოება, ოპოზიცია, პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მეორე მხარეს კი „ქართული ოცნება“, ამ პროცესში ის მარტო დარჩება და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერი იქნება იმის საფუძველი და ის დღე, როდესაც ის საკუთარი ამომრჩევლისგან მკაფიო პასუხს მიიღებს, რომელიც ევროპულ მომავალს აირჩევს“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ