ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TAIEX-ის მისიის ფარგლებში GCCA-ის საქმიანობა დადებითად შეფასდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TAIEX-ის (ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) მისიის ფარგლებში, დადებითი შეფასება და რეკომენდაციები მიიღო.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, GCCA-სა და TAIEX-ს შორის გამართული სამუშაო შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ქართული კონკურენციის კანონმდებლობის გაუმჯობესება და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან თანხვედრის შეფასება.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TAIEX-ის ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა GCCA-ის, როგორც კონკურენციის პოლიტიკის აღმასრულებელი უწყების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიძლიერე. მათ შორის, ადამიანური რესურსების კვალიფიკაცია კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და ადვოკატირების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კონცენტრაციების კონტროლის პროცესში GCCA-ის გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმებზე.
კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სრულყოფისა და ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან უფრო მეტად აპროქსიმაციის მიზნით, TAIEX-ის ექსპერტების მიერ GCCA-ის მიმართ რამდენიმე რეკომენდაცია გაიცა. კერძოდ, სახელმწიფო დახმარებების კონტროლის მექანიზმების დახვეწის, ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებით ჯარიმის გამოყენების სახელმძღვანელო მითითებების განახლების და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების, სახელმძღვანელო წესების შემუშავების მიმართებით.
ინფორმაციისთვის, 2020 წელს, საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოექცა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, რომელიც სააგენტოში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისობა კონკურენციის მიმართულებით 75%-ია, რაც 2022 წელს, 60%-ს შეადგენდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ