მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, არამედ ხმებისთვის ბრძოლისთვის – როცა გაყალბებული არჩევნების შედეგებს გამოაცხადებენ, უნდა მოვემზადოთ ქუჩაში დგომისთვის დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში, მშვიდობიანად

ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხმებისთვის ბრძოლისთვის, თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომისთვის – ჩვენ მშვიდობიანად ვიდგებით ბოლომდე და არ მოგაპარვინებთ არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ს გაყალბებისა და ძალადობისთვის ემზადება, თუმცა ამის უფლებას არ მისცემენ.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების და ფულის დაკარგვის ეშინია, ჩვენ კი ქვეყნის დაკარგვის.
„ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ, ყველანი უნდა მოვემზადოთ არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის და მას შემდეგ, რაც ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს (და ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს), ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ყველანი ერთად, ასობით ათასი [ადამიანი] ქუჩაში დგომისთვის, დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში მშვიდობიანად მანამ, სანამ არ ვაიძულებთ მათ, [მიიღონ] ქართველი ერის არჩევნები.
ბოლოს და ბოლოს ვინ ჰყავთ მათ? მათ ჰყავთ 2500-3000 “რობოკობი”, რამდენიმე ასეული ბანდიტი, შეიძლება 1-2 ათასიც და მათ აქვთ ეს სითავხედე. ჩვენსა და ჩვენს გამარჯვებას შორის ვერ დადგება რამდენიმე ათასი “რობოკობი”, ჩვენ მილიონები ვართ და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად საკუთარი თავის დაცვისთვის და იმისთვის, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ. გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ ბრძოლით. არც ერთი სხვა შედეგი არ მიიღება ამ არჩევნებზე, გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა. თქვენ ემზადებით გაყალბებისთვის, ძალადობისთვის, ჩვენ დავიცავთ ჩვენ თავს, ჩვენ მშვიდობიანად ვიდგებით ბოლომდე და არ მოგაგნებინებთ არჩევნებს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ