აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის კანდიდატურის გამოცხადებიდან პირველ კვირაში $200 მილიონი შეაგროვა.
დღეს, 28 ივლისს, ჰარისის წინასაარჩევნო კამპანიის შტაბმა მხარდაჭერების ჯამური შემოწირულებების მაჩვენებელი გამოაქვეყნა და ასევე განაცხადა, რომ დონაციების 66% იმ პირებზე მოდის, რომლებსაც 2024 წლის არჩევნებისთვის აქამდე ფული არ გადაურიცხავთ.
ამას გარდა, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ჰარისის მხარდასაჭერად 170 000-ზე მეტი მოხალისე დარეგისტრირდა.
მას შემდეგ, რაც 21 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა და მის ნაცვლად მხარი კამალა ჰარისისთვის დაეჭირა, დემოკრატიული პარტიის წევრები და ლიდერები ჰარისის კანდიდატურის გარშემო გაერთიანდნენ.
მოგვიანებით, 26 ივლისს, ჰარისს მხარდაჭერა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამაც გამოუცხადეს.
გამოცემა Associated Press-ის მონაცემების მიხედვით, ჰარისს უკვე საკმარისი, 3107 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, რათა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად გახდეს, დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად კი 1 976 დელეგატის მხარდაჭერაა საჭირო.