მთავრობა 2030 წლისთვის სიღარიბის ნულთან დაახლოებას გეგმავს – რამდენად რეალურია ეს ინიციატივა

საქართველოში სიღარიბის დონე წლიდან-წლამდე მცირდება. დადებითი ტენდენციის მიუხედავად სიღარიბის დაძლევა კვლავაც რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, ამიტომ მთავრობა, 2023 წლისთვის, პრობლემის თითქმის ბოლომდე დაძლევას გეგმავს. საინტერესოა, რამდენად რეალურია 6 წელიწადში 12%-მდე სიღარიბის ნულთან დაახლოება.
2012 წლიდან დღემდე სიღარიბის დონემ 18.2%-ით იკლო. უფრო დეტალურად კი, ამჟამინდელი ხელისუფლების სათავეში მოსვლის დროს, 2012 წელს, საქართველოში 30%-იანი სიღარიბის მაჩვენებელი ასრებობდა. 2013 წელს – 26.2%, 2014 წელს – 23.5%. 2015 წელს – 21.6%, 2016 წელს – 22%, 2017 წელს – 21.9%, 2018 წელს – 20.1%, 2019 წელს – 19.5%, 2020 წელს – 21.3%, 2021 წელს – 17.5%, 2022 წელს – 15.6%, ხოლო 2023 წელს – 11.8%.
მთავრობაში ითქვა, რომ სიღარიბის კლება შემდგომ წლებშიც გაგრძელდება და, როგორც პრემიერ-მინისტრმა, მ, განაცხადა, თუ დადებითი ტენდენცია შენარჩუნდება, 2030 წლისთვის სიღარიბე თუ არა სრულად, თითქმის განულდება.
„2012 წელს სიღარიბე იყო 30%, ეს ნიშნავდა, რომ მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა და შარშანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 435 ათას ადამიანამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის 700 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ თავი დააღწია სიღარიბეს. ეს ყველაფერი არის ფაქტი. ბიუჯეტში საიდან შემოდის რამდენჯერმე მეტი თანხა, ვიდრე შემოდიოდა 2012 წელს, შემოდის ეკონომიკური ზრდის წყალობით. წელს ველოდებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის ზრდას, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და ა.შ. ეს არის ყოველწლიური პროცესი. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია ევროპულ სტანდარტებამდე, სიღარიბის განულებამდე, მაგრამ თუ ასე გავყვებით პროცესებს, ჩვენ 2030 წლისთვის არსებითად გვექნება შედეგად გარდატეხა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის თვალსაზრისით და სიღარიბე თუ არა სრულად, თითქმის განულდება, თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ ზრდას და კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ეკონომიკურ განვითარებას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა და ამ პირობებში ყველაფერი კარგი ტემპით ვითარდება, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მთელი აქცენტი შიდა თუ გარე კეთილმოსურნეებისა იყოს გადატანილი ამ საკითხებზე, ხედავთ, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ არის საქართველო”, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
ერთი შეხედვით, მთავრობის ამოცანა მართლაც კარგად გამოიყურება, მაგრამ საინტერესოა რეალობაში რამდენად მოხდება მისი შესრულება და 6 წელიწადში 11.8%-იანი სიღარიბის თითქმის განულება.
როგორც ეკონომისტები მიიჩნევენ, 2030 წლისთვის სიღარიბის ნულთან დაახლოება რთულ ამოცანას არ წარმოადგენს და ასეთ შედეგზე გასვლა შესაძლებელია. ასეთი პოზიცია აქვს სტატისტიკოს გივი მომცელიძეს, რომლის თქმითაც, სიღარიბის განულება ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ საკმაოდ შემცირების პერსპექტივა და რესურსი ნამდვილად არსებობს.
„გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუ 2023 წლისთვის სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის განულდება, რადგან ეკონომიკა იზრდება და შესაბამისად, სიღარიბის დონე დაიწევს. სხვადასხვა მიზეზების გამო, განულება ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ საკმაოდ შემცირების პერსპექტივა და რესურსი ნამდვილად არსებობს, საქსტატის მაჩვენებელში სიღარიბის მაჩვენებელი 2023 წელს ბევრად ნაკლები იქნება.
ფანტასტიკის სფეროს ნამდვილად არ წარმოადგენს და არ აქვს მნიშვნელობა, ეს განცხადება ვინ გააკეთა, პრემიერმა თუ სხვა ვინმე. ახალი ხელისუფლება რომ მოვიდეს ან იგივე დარჩეს, ამ განცხადებაში სავსებით დავეთანხმები ყველას.
სხვა საკითხია, მოსახლეობა როგორ გრძნობს და რამდენად აისახება მათზე სიღარიბის დაძლევა. ჩემი აზრით, არ გვაქვს კატასტროფული სიტუაცია და წლიდან-წლამდე უმჯობესდება მდგომარეობა, უბრალოდ, არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ისე კარგად აისახა მოსახლეობის ყველაზე ფენაზე, როგორც საჭიროა და ეს არის მთავარი პრობლემა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რეკორდულ მაჩვენებელზეა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბოლომდე კარგად არ გვაქვს საქმე. ასე, რომ საშუალო შეფასებას გავაკეთებ, რა თქმა უნდა, პროგრესი არის, მაგრამ მოსახლეობა ამას კარგად ვერ გრძნობს. და რომ იგრძონს, ამისთვის აუცილებელია სხვაგვარი ხედვა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა”, – განუცხადა „რეზონანსს” გივი მომცელიძემ.
ეკონომიკური განვითარება, რაც უმუშევრობის ამცირებს, რომ არ შეფერხდება ამაზე არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია საუბრობს და ცნობისთვის, მათ მიმდინარე წლის მშპ-ს პროგნოზი ზრდის მიმართულებით განაახლეს.
ტენდენციის შენარჩუნებას და უმუშევრობას შემცირებას ელის ეკონომისტი და სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც, მაგრამ, მისი თქმით, 2030 წლისთვის გაჩნდება სხვადასხვა სახის ახალი მოთხოვნილება, რომელიც გამოწვევას შექმნის და მეტი ძალისხმება დაგვჭირდება.
„ეკონომიკური მდგომარეობა, სიღარიბე და კეთილდღეობა დამოკიდებულია ეკონომიკური განვითარების დონეზე. ქვეყანა რაც უფრო განვითარებულია და რაც უფრო მაღალი ზრდის ტემპი აქვს, მით უფრო სწრაფად იზრდება მოსახლოების კეთილდღეობაც და აბსოლუტური სიღარიბეც კლებულობს.
სიღარიბე, ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, არის აგრეთვე ისტორიული და გარკვეულწილად სუბიექტური კატეგორიაც. მხედველობაში მაქვს ის, რომ სიღარიბის მიმართ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება. ერთია – წმინდა ეკონომიკური. სიტყვაზე მოხმარების მასშტების და მოცულობის მიხედვით. მეორე – ჩვენი სუბიექტური აღქმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგისთვის, პირობითად, 500 ლარი შეიძლება ცოტას წარმოადგენდეს და ზოგისთვის ბევრს. ამიტომ, ჩვენი სუბიექტური აღქმა დიდი გავლენას ახდენს ვის მივაკუთვნებთ ჩვენს თვას – ღარიბთა, შეძლებულთა თუ მდიდართა კატეგორიას. არსებობს მესამე სოციალური კრიტერიუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების მოხმარების საერთო კულტურასთან მიმართებაში როგორია ჩვენი ფაქტობრივი მოხმარება. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს მინიმუალური სამომხმარებლო დოვლათი.
ჩვენი პრემიერის განცხადებას შემდეგნაირად უნდა შევხედოთ, ის ფაქტობრივი მოხმარების მაჩვენებელი, რაც სიღარიბის დონეს განსაზღვრავს, ამჟამინდელი სტანდარტებით, ღირებულებითი ფორმით იქნება თუ ნატურალური შემადგენლობით კალათისა, დაძლეული იქნება მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ 2030 წლისთვის, მაგრამ გაჩნდება ახალი მოთხოვნილებები. მაგალითად, 30 წლის წინ მოსახლეობას წარმოდგენა არ ჰქონდა რა იყო მობილური ტელეფონი, კავშირგაბმულობა და ასეთი სახის ურთიერთობები. ახლა კი ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების წესის ორგანული ნაწილია. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ 2030 წლისთვის ისეთი ახალი მოთხოვნილება და მომსახურება გაჩნდეს, რომელთა მოხმარების გარეშე თავს შეზღუდულად და დაჩაგრულადაც კი ვიგრძნობთ.
იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი გვაქვს, ევროპასთან ჩამორჩენას ყოველწლიურად ვამცირებთ, დაახლეობით 1.5 და უფრო მეტი პროცენტული პუნქტით, საკმაოდ სოლიდური წინსვლა გვექნება, აღნიშნული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2030 წლისთვის, მაგრამ დავტოვოთ იმის შესაძლებლობა და ალბათობა, რომ იმ დროისთვის გაჩნდება სხვადასხვა სახის ახალი მოთხოვნილება, რომელიც გამოწვევას შექმნის და დაგვჭირდება კიდევ მეტი ძალისხმება, რომ იმ ახალი მოთხოვნილების ადეკვატური შემოსავალი და მოხმარება ვუზრუნველყოთ”, – განუცხადა „რეზონანსს” სოსო არჩავაძემ.
ცნობისთვის, ქვეყანაში შემცირდა სოციალური უთანასწორობაც. მართალია, 2023 წლის მიხედვით, ჯინის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალ 0.36%-ზეა, თუმცა მისი შემცირება აშკარაა.
ჯინის კოეფიციენტი ყველაზე მაღალ ნიშნულზე (-0.42%) 2010 და 2011 წლებში იყო. 2012 წელს კი 0.41%-ზე ჩამოვიდა და მას შემდეგ იკლებს, მხოლოდ 2017 წელს გაიზარდა 0.39%-დან (2016 წლის შედეგი) 0.40%-მდე. სხვა წლებში კლებაა ანდა იმავე მაჩვენებელზეა და უკვე 2021 და 2022 წელს კოეფიციენტმა 0.34% შეადგინა. ძალიან მცირედით, 0.02%-ით გაიზარდა გასულ 2023 და 0.36% შეადგინა.
ჯინის კოეფიციენტი ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავებას ასახავს, რომელიც 0-დან 1-ის ინტერვალში მოძრაობს. მაგალითად, თუ ჯინის კოეფიციენტი 0-თან ახლოს ან 0-ის ტოლია, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავლებს შორის განსხვავება საერთოდ არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 1-თან ახლოს ან 1-ის ტოლია, მაშინ მოსახლეობის შემოსავლებს შორის განსხვავება საკმაოდ მაღალია.
წყარო: რეზონანსი