მსოფლიოს 150-ზე მეტი მეცნიერი ღია წერილში NATO-ს მოუწოდებს, ალიანსში უკრაინა მიიღოს

ვოლოდიმირ ზელენსკი, კირ სტარმერი, და NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე ვაშინგტონში, 11 ივლისი, 2024
გამოცემა The Guardian-ი აქვეყნებს ღია წერილს, რომელშიც მსოფლიოს 158 მეცნიერი, აკადემიკოსი და მკვლევარი NATO-ს ქვეყნებს მოუწოდებს, ს პოზიციის მიუხედავად, ალიანსში მიიღონ. წერილის ხელმომწერების თქმით, NATO-ში უკრაინის მიწვევით “მნიშვნელოვნად დავშორდებით დაშოშმინების პოლიტიკას და დავუბრუნდებით საერთაშორისო კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებს”.
წერილის მიხედვით, 2022 წელს NATO-ში ფინეთისა და შვედეთის შესვლით წერტილი დაესვა იმ განცხადებას, რომ თითქოს ალიანსის გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთის “უსაფრთხოების ინტერესებს”.
“დროა გავითავისოთ, რომ რუსეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხოლოდ იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ ეს ხელს შეუშლის ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის განუწყვეტელ აგრესიას”. – წერია წერილში.
ხელმომწერების თქმით, რუსეთის ქმედებები ცხადად აჩვენებს, რომ მისი განზრახვა უკრაინის სახელმწიფოს განადგურებაა და არა საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. შესაბამისად, “წარმოდგენა, რომ [NATO-ს] უსაფრთხოების გარანტიების უკრაინაზე გავრცელება რუსეთს წაახალისებს, რომ სასტიკი ომი კვლავ აწარმოოს სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან რუსეთი სრულად მიზანდასახულია, რომ უკრაინა გაანადგუროს და ამისთვის დამატებითი მოტივაცია არ სჭირდება”.
წერილში ასევე ხაზგასმულია, რომ დღემდე რუსეთი არცერთ NATO-ს წევრ ქვეყანას დასხმია თავს და მხოლოდ არაწევრ ქვეყნებში – საქართველო, მოლდოვასა და უკრაინაში – შეიჭრა და მათი ტერიტორიების ოკუპაციას ეწევა.
შესაბამისად, აკადემიკოსების თქმით, “NATO-სა და NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის არსებული ტერიტორიული საზღვარი დღემდე ერთადერთ წითელ ხაზად რჩება, რომელსაც რუსეთი პატივს სცემს”.
წერილის ბოლოს აკადემიკოსები წერენ, რომ უკრაინაზე [NATO-ს] უსაფრთხოების გარანტიების გავრცელება არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ ასევე ხელახლა დაამტკიცებს, რომ მსოფლიო სცენაზე NATO და დასავლური დემოკრატიები ეფექტური პოლიტიკური აქტორები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ