საფრთხე ექმნება მწვანე ტბის არსებობას! – მოსახლეობის პროტესტი ხულოში

ხულოს მოსახლეობა მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს. ადგილობრივებს აინტერესებთ, გაცემულია თუ სამუშაოებისთვის შესაბამისი ლიცენზია და შეისწავლეს თუ არა სპეციალისტებმა ის საფრთხეები, რაც ადგილზე მიმდინარე სამუშოებს შეიძლება მოჰყვეს.
მოსახლეობა შიშობს რომ მწვანე ტბასთან ინერტული მასალების მოპოვების გამო შესაძლოა მძიმე პროცესები განვითარდეს, რადგან ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა.
სამუშოები ადგილზე უკვე 1 თვეა მიმდინარეობს, თუმცა, ამ დროის განმავლობაში ადგილობრივებისთვის სავარაუდო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია არავის მიუწოდებია.
ხულოში მცხოვრები ჯემალ საგინაძე ამბობს, რომ საფრთხე ექმნება მწვანე ტბის არსებობას.
“მთავარი არხები, რომლებიც პირდაპირ ჩაედინება მწვანე ტბაში, სავარაუდოდ გადის ზუსტად იქ სადაც ტრაქტორი დგას და ხდება ამ მყარი მასალის მოპოვება და გატანა. ბუნებრივია საფრთხე იქმნება იქიდან გამომდინარე, რომ რითაც იკვებება მწვანე ტბა ეს არხები შეიძლება გაქრეს, წყალს მიმართულება დაეკარგოს და სხვაგან გადამისამართდეს. ამ შემთხვევაში მწვანე ტბის წყლით უზრუნველყოფა ვეღარ მოხდება და მწვანე ტბის სანახავად ასულ ტურისტს დახვდება ქვების გროვა. გაგრძელების შემთხვევაში წარმოუდგენელია, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს.”- აცხადებს ჯემალ საგინაძე.
წყარო: მთავარი არხი