ლაო ჯინ ჯაოს სახლის რეაბილიტაციისთვის 961 ათასი ლარია გამოყოფილი

ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ლაო ჯინ ჯაოს საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 910 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა.
ტენდერს თან ახლავს პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც შენობაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები უნდა ჩატარდეს. პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად ორსართულიან შენობას, დამონტაჟდება ადაპტირებული ლიფტი შშმ პირებისთვის, ეზოში მოეწყობა კაფეს მსუბუქი კონსტრუქცია და ტერიტორია შემოიღობება.
შენობასა და ტერიტორიაზე მოეწყობა ელექტროგაყვანილობის, წყლისა და კანალიზაციის, ბუნებრივი აირის, ვიდეოსამეთვალყურეო და კომპიუტერული ქსელები.
ხარჯთაღრიცხვაში არის ჩასატარებელი სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი, მათ შორის:
· „კედლების მოპირკეთება კერამიკული ფილებით (კაფელი), შეკიდული ჭერების მოხსნა, აგურის კედლების მონგრევა; მარმარილოს იატაკის საფარის აყრა ქვების შენარჩუნებით, მარმარილოს იატაკის აღდგენა საგამოფენო სივრცეში ახალი ფილების დამატებით [40%], ახალი აგურის კედლების კედლების ამოშენება დაშლილი აგურის გამოყენებით; შიდა კიბის საფეხურების მოწყობა მოზაიკის ზედაპირით, ბუხრების აგურის ზედაპირის აღდგენა ინტერიერში;
· ინტერიერში დეკორატიული ბუნებრივი ქვის პლინტუსის მოწყობა არსებული ნიმუშის მიხედვით, ინტერიერში შეკიდული ჭერის ქვეშ არსებული ნიმუშის მიხედვით დეკორატიული კარნიზის მოწყობა ქვიშა-ცემენტის ხსნარით, არსებული კედლების გალესვა ქვიშა-ცემენტის ხსნარით, კედლების დამუშავება და შეღებვა წყალემულსიის საღებავით პირველ სართულზე; ტიხრის ამოშენება ოფისისთვის; ლამინატის იატაკის საფარის მოწყობა პლინტუსებით;
· მეორე სართულზე გადახურვის ხის კონსტრუქციის დამუშავება ანტი ჭიის და კოროზიული ხსნარით, გადახურვის ხის კონსტრუქციის გალაქვა უფერო მაღალი ხარისხის ლაქით, ფასადების გაწმენდა მცენარეული საფარისგან, ტერიტორიის გაწმენდა მთელ პერიმეტრზე, ექსტერიერში აგურის საფეხურების აღდგენა;
· ფასადების გასუფთავება არსებული ნალესობისგან, ფასადების დამუშავება და შეღებვა საფასადე საღებავით, ეზოში ბუნებრივი ბაზალტის ქვაფენილის საფარის მოწყობა; კაფეს მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობა; ღობის ლითნის ელემენტების მონტაჟი და ღობეზე ხის პანელის მოწყობა და სხვა.“
ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 10 აგვისტოს დაიწყება და 15 აგვისტოს დასრულდება. პირობის მიხედვით, „სამუშაოები უნდა დაიწყოს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2025 წლის 18 მაისამდე.“
ლაო ჯინ ჯაოს სახლის სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვაზე ხელშეკრულება კმდს-მ ინდმეწარმე პაატა ნუცუბიძესთან 2024 წლის თებერვალში გააფორმა. საპროექტო დოკუმენტაციაში სააგენტომ 53 700 ლარი გადაიხადა.
პროექტის შესაძენად ტენდერი 70 ათასი ლარით იყო გამოცხადებული.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge