ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასის ხელმძღვანელი მერიას მორგებულ ტენდერში ადანაშაულებს

ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასის ხელმძღვანელი ს მერიის მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიას მიკერძოებაში ადანაშაულებს და მათ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
ნატალია გალოგრე აცხადებს, რომ 2024 წელს თვითმმართველობამ დასისთვის განკუთვნილი დაფინანსება ტენდერზე გაიტანა და მორგებულად მოაგებინა არაპროფესიონალ და არაკომპეტენტურ ჯგუფს, რომელიც პირადი ურთიერთობებით შეარჩიეს.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რის საფუძველზეც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნატალია გალოგრე ამტკიცებს, რომ პროექტი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით და და რიგი დარღვევებით განხორციელდება.
ბრალდებებს პასუხობენ ბათუმის მერიაში. მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და ერთ-ერთი წევრი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიებზე გვიყვებიან. სოფო ხალვაში აცხადებს, რომ ტენდერი ორჯერ ჩავარდა და ახლა თავიდან უნდა ჩატარდეს, ლამზირა ბოლქვაძის მტკიცებით კი, ტენდერი გამჭვირვალედ და სამართლიანად განხორციელდა.
ბათუმის ინკლუზიურმა თეატრალურმა დასმა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უკვე 5 წელია ნათელი წერტილია, შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს. მათი ისტორია 2019 წლიდან იწყება, დღეს ამ დიდ ოჯახში 55 წევრია – 6-დან 28 წლამდე ასაკის ადამიანები.
როგორც დასის ხელმძღვანელი ამბობს, ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ამ დასმა შეიძლება არსებობა შეწყვიტოს. მიზეზი, დიდი ალბათობით, მისი ხელმძღვანელის სამოქალაქო პოზიციაა. ნატალია გალოგრე “ოცნების” ანტიდასავლურ პოლიტიკასა და რუსულ კანონს აპროტესტებდა და აპრილ-მაისის აქციებზე იდგა.
გალოგრე ამტკიცებს, რომ ტენდერში, რომელშიც დასი წლების განმავლობაში იმარჯვებდა და დაფინანსებას იღებდა, წელს იურიდიული მიზეზით დაახარვეზეს. დასის ხელმძღვანელის თქმით, გამარჯვებული კომპანია ელემენტარულ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
კომპანია, რომელმაც ბათუმის მერიის ტენდერში გაიმარჯვა და მალე ხელშეკრულებასაც გაუფორმებენ, ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება. უცნობია რას საქმიანობდა ის აქამდე. დასის ამჟამინდელი ხელმძღვანელის აზრით, საგანგაშოა, რომ ამ კომპანიას კომპეტენციის პრობლემასთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება აქვს, რაც მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციებშიც იკვეთება.
სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ჟურნალისტებს საქმის დეტალებში გარკვევისკენ მოუწოდებს, ამტკიცებს, რომ ტენდერი, რომელიც უკვე ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა, თავიდან უნდა გამოცხადდეს.
წყარო: TV25 მთავაარი არხი