მიმდიარე წლის მაისში “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორად ჩინეთი გამოაცხადა.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) შეფასებით, “მთავრობის მიერ უკრაინის გულგრილმა მხარდაჭერამ და პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების გამყარებას ემსახურება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.”
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა პრობლემურია რადგან, ამ შემთხვევაში დაბალანსების პოლიტიკა არ მუშაობს. ხოლო მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჩინეთი ეკონომიკას როგორც პოლიტიკურ კაპიტალს, ისე იყენებს.
“თუ ევროკავშირია შენი საბოლოო ნავსაყუდელი, მაშინ უნდა ითამაშო იმ წესებით, რა წესებიც აქვს ევროკავშირს, რომლისთვისაც ჩინეთი აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საფრთხე”, – ამბობს ჩხიკვაძე.
ამ ფონზე კი ხდება ასეთი რამ: კონკურსში, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო კომპანია უნდა გამოავლინოს, მხოლოდ ჩინური კონსორციუმი (CCCC) მონაწილეობს. ეკონომიკის სამინისტრო დოკუმენტაციას ჯერ ისევ სწავლობს. საინტერესოა, მიაქცევენ თუ არა შეფასებისას ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ამ კონსორციუმის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია წარსულში აშშ-ისა და მსოფლიო ბანკის მიერაა სანქცირებული.
აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი CCCC-ს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კავშირში და რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დაფინანსებაში ადანაშაულებს. საპასუხოდ, თბილისის მერი, კახა კალაძე ანაკლიის პროექტში ჩინური კომპანიის ჩართულობას ეკონომიკისთვის “შვების მომგვრელად” აფასებს.
„სამოქალაქო იდეის“ მიერ შარშან გამოქვეყნებულ ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ბოლო ათწლეულში ჩინურ-ქართული საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებისა და გაფართოების პროცესი. დოკუმენტში ჩამოთვლილია ჩინურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ქართველ სტუდენტებს ჩინეთში ცხოვრებისა და სწავლის საშუალებას აძლევს.
„წლიდან წლამდე საქართველოს მიმართ ჩინეთის ინტერესი იზრდება და ასევე იზრდება ზომა და მოცულობა საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური თანამშრომლობისა,“ – წერია ანგარიშში, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა მოამზადა. ანგარიში ამ ნაწილს აფასებს,როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის სრულმასშტაბიან იდეოლოგიურ ოპერაციას, რომელსაც გავლენა აქვს მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე და ბიზნესზე.
ხიდაშელმა ევრაზიანეტს განუცხადა, რომ საქართველო შესაძლებელია ეკონომიკურად დამოკიდებული გახდეს ჩინეთზე და აღმოჩნდეს პაიკი დიდი ძალებს, ჩინეთსა და დასავლეთს შორის მზარდ დაპირისპირებაში. ჩინური კომპანიები უკვე დაუსჯელად უგლვებელყოფენ ადგილობრივ შრომით და გარემოსდაცვით კანონმდებლობას. მიუხედავად ამისა, ქართველი ექსპერტების უმრავლესობამ არც კი იცის ჩინეთის საქართველოშ საქმიანობის შესახებ რადგან მათი ყურადღება რუსეთზეა კონცენტრირებული.
განაგრძეთ კითხვა