რას აპირებს მთავრობა საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოებისთვის

საგარეო და უსაფრთხოების მაჩვენებლის თანხვედრის გაზრდაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს მთავრობაა. 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ ევროინტეგრაციისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები დაამტკიცა. რვაგვერდიანი დოკუმენტი სწორედ ამ დათქმის შესასრულებლად საჭირო ნაბიჯებით იწყება,
ევროკავშირთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაახლოებისთვის განკუთვნილი სამოქმედო გეგმა შემდეგ კომპონენტს მოიცავს:
· 2024-2027 წლებისთვის დამტკიცდა მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლასაც მოიცავს. აქვე ნახსენებია მთავრობის მიერ კამპანიების ჩატარება ევროპული ღირებულებების მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად. ჩვენ ვეცადეთ, მსგავსი კამპანიების შესახებ ინფორმაცია მოგვეძიებინა, მთავრობასაც ვთხოვეთ გაეზიარებინათ ინფორმაცია, თუ რომელი კამპანია ჩაატარეს, რა ვადებში, ვინ იყო მათი სამიზნე აუდიტორია, რა იყო კამპანიის კონკრეტული ამოცანა და რა შედეგი მიიღეს. მათგან წერილზე პასუხი არ მიგვიღია. არადა, სამოქმედო გეგმის განხორციელების ვადებად მთავრობას 2024 წელი აქვს მითითებული.
· ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების მაჩვენებლის გაუმჯობესება: 2023 წლის განმავლობაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სახელით გაკეთებული 141 განცხადებიდან საქართველო მიუერთდა 70 განცხადებას; მიერთების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენდა 50%-ს. საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებით, რომელიც მან თებერვალში გააკეთა, მიერთების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი, თუ რომელ კონკრეტულ განცხადებებზე მიერთებისგან შეიკავა თავი საქართველომ.
· არსებული პრაქტიკის საფუძველზე, აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით. 2024 წლის თებერვალში ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია, რომელიც საზოგადოებას აცნობდა მტკიცებულებებს, თუ როგორ გამოიყენება საქართველოს ტერიტორია რუსეთში სანქცირებული ავტომობილების გასაყვანად. შესაბამისად, კითხვები მთავრობასთან კვლავ რჩება – სრულდება მათი სამოქმედო გეგმის ეს პუნქტი თუ არა?
წყარო: IFact – “გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება