უნგრეთმა 2024 წლის აპრილში, სამი ჩინური ბანკისგან ერთი მილიარდი ევროს (1 მილიარდი დოლარი) სესხი აიღო – ყველაზე დიდი მოცულობის სესხი, რაც კი ოდესმე ამ სახელმწიფოს აუღია. იტყობინება Politico 25 ივლისს, უნგრეთის ვალის მართვის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით.
„უნგრეთის სახელმწიფო ვალი რეკორდულად მაღალია, 140 მილიარდი ევრო (მშპ-ს 73,5 პროცენტი) და ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 6,7 პროცენტი, ბუდაპეშტს ნაღდი ფული უიმედოდ სჭირდება. ბუდაპეშტი კვლავ ელოდება მილიარდობით ევროს ევროკავშირის ფონდებში,“ წერს გამოცემა.
სესხი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკის, ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკისა და ჩინეთის ბანკის უნგრეთის ფილიალის მიერ არის გაცემული, სამი წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს.
„სასესხო ხელშეკრულება საშუალებას იძლევა, დაფინანსდეს ინვესტიციები ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორში, სხვა სექტორებთან ერთად, ხოლო სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან 28,9%-ის ფარგლებში შეინარჩუნოს,“ წერს Politico.
თავად ოფიციალურ ბუდაპეშტს გარიგების შესახებ არ გამოუცხადებია. ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, რაც სამთავრობო ვალის სააგენტოს მონაცემები ამ ზაფხულს გამოქვეყნდა. სააგენტო სესხის სხვა დეტალებს, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთს და დაფარვის გრაფიკს არ ასაჯაროებს.
უნგრეთი აქტიურად აძლიერებს კავშირებს ჩინეთთან, რასაც მოწმობს მაისში სი ძინპინის ვიზიტი ბუდაპეშტში, რომლის დროსაც, მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ივლისში ასევე ეწვია პეკინს ე.წ. „სამშვიდობო მისიის“ ფარგლებში.
ორბანის ე.წ. დიპლომატიურმა ძალისხმევამ, კერძოდ, მისმა შეხვედრებმა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან, ევროკავშირის თავმჯდომარეობის „საფარქვეშ“, მთელ ევროკავშირში აღშფოთება გამოიწვია. ბრიუსელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის მიუხედავად, ვიზიტები ევროპულ ბლოკს არ წარმოადგენს.
წყარო: europetime