მზის სისტემის ფორმა დრამატულად შეიცვალა — ახალი კვლევა

მზის სისტემის ფორმა ერთ დროს სხვანაირი იყო.
ვიდრე ბრტყელი დისკოს სახით განლაგდებოდა, მტვრისა და ქვების გადანაწილება ფორმით უფრო დონატს წააგავდა, ვიდრე ბლინს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები მზის სისტემის გარე ნაწილიდან მოსული რკინის მეტეორიტების შესწავლისას — დაადგინეს, რომ ისინი მხოლოდ იმით აიხსნება, თუკი მზის სისტემის ფორმა ერთ დროს ტოროიდული იყო.
ეს ინფორმაცია შეიძლება დაგვეხმაროს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სხვა პლანეტური სისტემების ინტერპრეტირებაში და იმის განსაზღვრაში, რა წყობას მიიღებენ ისინი.
ვარსკვლავის გარშემო პლანეტური სისტემის ფორმაცია კოსმოსში მოდრეიფე გაზისა და მტვრის ღრუბელში იწყება. თუკი ღრუბლის რაღაც პორცია საკმარისად მკვრივი გახდება, ის საკუთარი გრავიტაციის ქვეშ კოლაფსირდება, ბრუნვას დაიწყებს და მზარდი „ჩვილი“ ვარსკვლავის „თესლი“ გახდება. ბრუნვასთან ერთად, მიმდებარედ არსებული მატერია ამ დისკოში ჩაედინება და პროტოვარსკვლავს კვებავს.
ამ დისკოში წარმოიქმნება პატარა გროვები, რომლებიც პროტოპლანეტური „თესლები“ ხდებიან და ან ზრდას აგრძელებენ და ბოლოს სრულ პლანეტებად ყალიბდებიან, ან რაც უფრო ხშირად ხდება, ზრდას აჩერებენ და უფრო პატარა ობიექტებად, მაგალითად, ასტეროიდებად რჩებიან.
ასეთ დისკოებს სულ უფრო ხშირად ვხედავთ სხვა ვარსკვლავთა გარშემო — მოჩანს ნაპრალებიც, რომლებიც პლანეტების მოძრაობისას მტვრის შთანთქმის შედეგად ჩნდება.
თუმცა, მზის სისტემაში აღმოჩენილი რკინის მეტეორიტები ამ ამბის სხვა ნაწილს გვიყვება.
ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერის, ბიდონგ ჟანგის ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მზის სისტემის გარე ნაწილში არსებული ასტეროიდების წარმოსაქმნელად საჭირო მატერიის ღრუბელს დონატის ფორმა უნდა ჰქონოდა და არ უნდა ყოფილიყო ბრტყელ დისკოში არსებულ კონცენტრულ რგოლთა სერია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სისტემის გაერთიანების პირველი ეტაპი ტოროიდული ფორმისაა.
შესწავლილი რკინის მეტეორიტები — ქვის ნატეხები, რომლებიც დედამიწაზე მზის სისტემის გარე ნაწილიდან მოხვდა, მდიდარია ძნელადდნობადი მასალებით, რომლებიც მზის სისტემის შიდა ნაწილში გვხვდება. ეს გახლავთ ისეთი ლითონები, როგორებიცაა პლატინა და ირიდიუმი, რომელთა წარმოქმნაც შესაძლებელია მხოლოდ ძლიერ ცხელ გარემოში, მაგალითად, წარმოქმნის პროცესში მყოფი ვარსკვლავის სიახლოვეს.
ცოტა არ იყოს, უცნაურია, რადგან ეს მეტეორიტები არა მზის სისტემის შიდა, არამედ გარე ნაწილიდან არის მოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მზის სიახლოვეს უნდა წარმოქმნილიყო, შემდეგ კი გარე მიმართულებით წასულიყვნენ პროტოპლანეტური დისკოს გაფართოებასთან ერთად. ჟანგისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული მოდელირების მიხედვით, რკინის ამ ობიექტებს პროტოპლანეტურ დისკოში არსებულ ნაპრალთა გადაკვეთა არ უნდა შესძლებოდათ.
მათი გათვლების თანახმად, ასეთი მიგრაცია გაცილებით ადვილი უნდა ყოფილიყო, თუ პროტოპლანეტურ სტრუქტურას ტოროიდული ფორმა ექნებოდა. ასე მივიდოდნენ ლითონით მდიდარი ობიექტები მზის სისტემის გარე მისადგომებამდე.
შემდეგ, როდესაც დისკო გაცივდა და პლანეტებმა წარმოქმნა დაიწყეს, ის ფაქტი, რომ ქვებს ნაპრალების გადაკვეთა აღარ შეეძლოთ, საკმაოდ ეფექტიანი ღობის როლს ასრულებდა და მათ უკან, მზისკენ დაბრუნების საშუალება აღარ მისცა.
„წარმოქმნის შემდეგ, იუპიტერმა ფიზიკური ნაპრალი გახსნა, რომელმაც ირიდიუმისა და პლატინის ლითონები გარე დისკოში ჩაჭედა და უკან, მზისკენ წამოსვლის საშუალება აღარ მისცა“, — ამბობს ჟანგი.
მისი განცხადებით, ეს ლითონები მოგვიანებით მოხვდნენ ასტეროიდებში, რომლებმაც მზის სისტემის გარე დისკო წარმოქმნეს. ამით აიხსნება, რატომ აქვთ გარე დისკოში წარმოქმნილ მეტეორიტებს — კარბონატულ ქონდრიტებს და კარბონატული ტიპის რკინის მეტეორიტებს — ირიდიუმისა და პლატინის გაცილებით მაღალი შემცველობა, ვიდრე შიდა დისკოში წარმოქმნილებს.
ნამდვილად საოცარია იმის წარმოდგენაც კი, თუ რამდენი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ ლითონის ერთი პატარა ქვისგანაც კი.
კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია newsroom.ucla.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი