პარიზის ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეის დელეგაცია შეცდომით ჩრდილოეთ კორეის სახელით გამოაცხადეს

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე სამხრეთ კორეის ათლეტების დელეგაცია შეცდომით ‘ჩრდილოეთ კორეის სახელით გამოაცხადეს.
ქვეყნების გამოცხადებისას სამხრეთ კორეის დელეგაცია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე “კორეის დემოკრატიულ სახალხო რესპუბლიკად” წარადგინეს, ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია კი სწორად მოიხსენიეს.
სამხრეთ კორეის სპორტის სამინისტროს თქმით, შეცდომის გამო “სამთავრობო დონეზე საფრანგეთის წინააღმდეგ მკაცრი საჩივრის” შეტანას აპირებს.
სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ “გამოცხადებისას, […] როცა სამხრეთ კორეის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეის გუნდად იყო წარდგენილი”, მწუხარებას გამოხატავენ.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა X-ზე, თავის ოფიციალურ ანგარიშზე ბოდიში მოიხადა.
“გვსურს, გულწრფელი ბოდიში მოვიხადოთ შეცდომის გამო, რომელიც გახსნის ცერემონიის დროს სამხრეთ კორეის დელეგაციის წარდგენისას მოხდა”. – წერია განცხადებაში.
26 ივლისს, პარიზში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა და რამდენიმე სეგმენტისგან შედგებოდა. ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების წარდგენა მდინარე სენაზე მოხდა.
წლევანდელ ოლიმპიადაში სამხრეთ კორეის სახელით 143 ათლეტი ითამაშებს, რომლებიც მონაწილეობას სპორტის 21 სახეობაში მიიღებენ.
თამაშებზე ჩრდილოეთ კორეა 16 ათლეტით არის წარმოდგენილი.
წყარო: ტაბულა