რა ფინანსური სტიმულები სჭირდება მთას – ეკონომისტების ხედვა

რა ფინანსური სტიმულები სჭირდება მთას – ეკონომისტების ხედვა
საქართველო მთის მოსახლეობის სიმჭირდოვით ყველა მეზობელს ჩამორჩება, – ამბობს ეკონიმისტი სოსო არჩვაძე. მთში მოსახლეობის სიმცირე რომ პრობლემაა, ამას ხელისუფლებაც აღიარებს და ცდილობს ადგილზე მოქალაქეთა დამაგრებისთვის საშეღავათო პროგრამები აამუშაოს. მაგალითად, ბიზნესი და მოსახლეობა მაღალმთიან ზონაში გათავისუფლებულია ელექტროენერგიის გადასახადისგან, არის დანამატი პენსიაზე, სოციალურ შემწეობის ოდენობაც და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო დაფინანსებაც მაღალმთიანი ზონებისთვის ბევრად უფრო ლოიალური და ბენეფიტურია, თუმცა, წლებია, დემოგრაფების შეფასებით, მთის ეკონომიკური გამოცოცოხლებისთვის გამიზნულმა სახელმწიფო პროგრამებმა სასურველი ეფექტი ვერ მოიტანეს.
ეკონომისტებმა, სოსო არჩვაძემ და პაატა კოღუაშვილმა, შეიმუშავეს მთის განვითარების სტრატეგია, რომელშიც დეტალურადაა რეკომენდებული ის ფინანსურ-ეკონომიკური სტიმულები, რამაც მთაში მოსახლეობის დამაგრებას უნდა შეუწყოს ხელი. დოკუმენტში ბევრი ინიციატივაა და ექსპერტმა მხოლოდ რამდენიმე გამოყო.
“თუ ოჯახი დამკვიდრდება მთაში, ამისთვის მისთვის ერთჯერადად სოლიდური თანხა უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან. თუ მთაში ახალდამკვიდრებული ოჯახი აიღებს კრედიტს, ორი ბავშვის შემთხვევაში, კრედიტის ღირებულება უნდა შემცირდეს 1/3-ით. ყოველ სასწავლო წელს მთაში მოსწავლის ანგარიშზე უნდა დაირიცხოს თანხა, რომელიც ყოველწლიურად მზარდი უნდა იყოს. ეს ადგილზე სასკოლო სწავლებაზე მოთხოვნას გაზრდის და ამ სერვისის მიმწოდებელ ადამიანურ რესურსს გაუჩენს სურვილს წავიდეს მთაში. მათთვისაც მთაში ცხოვრება-სწავლებისთვის ცალკე სტიმული უნდა იყოს”, – ამბობს არჩვაძე და რეკომენდაციას კერძო სექტორსაც აძლევს. მისი აზრით, ბიზნესმა სიმძიმის წერტილი რეგიონებში უნდა გადაიტანოს, განსაკუთრებით, მთაში. ეკონომისტის მტკიცებით, სახელმწიფო საჭიროებიდან გამომდინარე, ეს კერძო სექტორმაც უნდა მოინდომოს და სახელმწიფომაც გარკვეული მასტიმულირებელი პროგრამებით.
ეკონომისტის ინფორმაციით, მთაში მოსახლეობის სიმჭიდროვით, საქართველო ყველა თავის მეზობელს ჩამორჩება, რაც ეკონომიკურ ზარალიანობასთან ერთად, პოლიტიკურად საფრთხის შემცველია. რაც შეეხება, კანონშემოქმედებით პროცესს, ეკონომისტი ამტკიცებს, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს აგრარული საკითხებიც და რეგიონული ასპექტებიც და, რაც მთავარია, არჩვაძე ხაზს უსვამს, რომ ტრადიცია და წარმოების კულტურა ხშირად გადამწყვეტია ხოლმე რეგიონულ აგროპოლიტიკაში. მისი თქმით, თუშეთში სულგუნის წარმოებაზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი და სამეგროლოში გუდის ყველაზე. ეს, არჩვაძის შეფასებით, არაგონივრული იქნება და რეგიონული აგროპოლიტიკა, მეტწილად, ეკონომისტის აზრით, სწორედ ასეთი ნიუანსების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს.
წყარო: აგროგარემო TV