ფრანგი ეპისკოპოსები აცხადებენ, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეიცავდა ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებს

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით ფრანგი ეპისკოპოსები უკმაყოფილოები არიან. ამის შესახებ „ფრანს 24“ იუწყება.
ეპისკოპოსების შეფასებით, ცერემონია შეიცავდა ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებს. სასულიერო პირები არ აკონკრეტებენ, ზუსტად რომელ სცენებს გულისხმობენ, თუმცა „ფრანს 24“ წერს, რომ საუბარი, შესაძლოა, ეხებოდეს სეგმენტს სახელწოდებით „დღესასწაული”, რომელიც მაგიდასთან მჯდომი მოცეკვავეთა ჯგუფით გაიხსნა. ეს სცენა კი ბევრს მოაგონებდა საიდუმლო სერობას.
„გახსნის საღამომ საოცარი სილამაზის, სიხარულის, ემოციებით მდიდარი მომენტები შემოგვთავაზა და საყოველთაო აღიარებაც დაიმსახურა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ღონისძიება შეიცავდა ქრისტიანობის მასხრად აგდებისა და დაცინვის სცენებს, რაზეც ჩვენ ძალიან ვწუხვართ. ჩვენ ვფიქრობთ მთელ კონტინენტზე მცხოვრებ ქრისტიანებზე, რომლებმაც დამცირებულად იგრძნეს თავი გარკვეული სცენების გადაჭარბებითა და პროვოკაციულობით“, – განაცხადეს ეპისკოპოსებმა.
ფრანგული გამოცემა იმასაც უსვამს ხაზს, რომ, სასულიერო პირების გარდა, ცერემონიას ასევე ზოგიერთი კონსერვატორის უკმაყოფილებაც მოჰყვა და, ზოგადად, ამ ღონისძიებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მიმოხილვა გამოიწვია.