საგზაო სამუშაოების გამო, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საგზაო სამუშაოების გამო, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობა პლატონ იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 29 ივლისის 10:00 საათიდან პლატონ იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება პარალელური – ნასიძის, ბალანჩივაძისა და ჩაილურის ქუჩების მეშვეობით. პლატონ იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.