COMCOM-მა „მთავარი არხი“ დაასანქცირა „აგენტების კანონის“ მხარდამჭერ დეპუტატებზე რგოლის გამო

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დაასანქცირა. მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატების შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში გასული რგოლები პოლიტიკური რეკლამა იყო.
ვიდეოკოლაჟი, რომელითაც „მთავარი არხი“ მაყურებელს „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატების შესახებ აწვდის ინფორმაცის, თითქმის ორი თვეა გადის ყველა საინფორმაციო გამოშვების ბოლო ნაწილში. ეკრანზე ჩნდება წარწერა („იცნობდეთ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს“) შემდეგ კი ჩანან დეპუტატები და ცხადდება მათი სახელები და გვარები.
საპარლამენტო უმრავლესობამ, რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მონაწილეობით, მაისში მიიღო „აგენტების კანონი“, რამაც ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოიყვანა. პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ ეს კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ ვიდეორგოლის მიზანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „პოტენციურად მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების არჩევის ხელშეშლა“.
„ტელევიზიაში გავიდა ვიდეორგოლები, სადაც ნეგატიურ კონტექსტში ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს“, – წერია კომუნიკაციების კომისიის მიერ 25 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
სხდომას, სადაც „მთავარი არხის“ სანქცირების საკითხი წყდებოდა, შვებულებაში ყოფნის გამო ვერ დაესწრო ტელეკომპანიის იურისტი. ამის შესახებ ინფორმირებული იყო კომუნიკაციების კომისია.
„ეს არის საინფორმაციო გამოშვების ნაწილი, საზოგადოების ინფორმირებას ისახავდა მიზანს და არ არის სარეკლამო რგოლი. პარლამენტმა მიიღო რუსული კანონი და მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს იმ დეპუტატების სახელი, ვის გამოც ქვეყანას შეუჩერდა ევროინტეგრაცია.
როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არ მოსწონდა კომისიას და საინფორმაციო მასალას მიანიჭა პოლიტიკური რეკლამის სტატუსი“, – უთხრა რადიო თავისუფლებას თამთა მურადაშვილმა, არხის იურისტმა. მან დასძინა, რომ საინფორმაციო რგოლების ამოღება ივლისის ბოლოს იგეგმებოდა.
იმის გამო, რომ „მთავარ არხს“ ბოლო ერთ წელში მსგავსი დარღვევა კომუნიკაციების კომისიამ ვერ აღმოუჩინა, მარეგულირებელმა ტელეარხის წინააღმდეგ სანქციად „წერილობითი გაფრთხილება“ გამოიყენა. არხი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე ტექნიკურ მთავრობაზე – სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს სხვადასხვაა ინიციატივით – მე პირადად მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნებს

გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალს ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რაც უცხოურ აგენტურას დღის წესრიგით აქვს გათვალისწინებული – უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს!

გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მიზანია ის, რა მიზანიც უცხოურ ძალას საქართველოში ამოძრავებს – კონსტიტუციით, ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც ქვეყნის მართვას და მით უმეტესს, არც მთავრობის წარდგენას

განათლების სამინისტრო – სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიმართლეს არ შეესაბამება