სამამდე გაიზარდა იერუსალიმში თავდასხმისას მოკლულთა რიცხვი

იერუსალიმში დღევანდელი შეიარაღებული თავდასხმისას მოკლულია 3 და დაჭრილია 5 ადამიანი, მათგან 3 – მძიმედ. ამის შესახებ ს საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს გამოცემა Jerusalem Post-ი. მანამდე დადასტურებული იყო 2 მოქალაქის სიკვდილი.
იერუსალიმის შესასვლელთან, ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ხალხს ავტომანქანიდან ცეცხლი გაუხსნა ორმა პირმა. მოკლული არიან 24 და 60 წლის ქალები და 73 წლის კაცი.
თავდამსხმელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო პირმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ორივე თავდამსხმელი მოკლულია.
Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ორივე მათგანი ამოცნობილია – აღმოსავლეთ იერუსალიმში მცხოვრები ძმები, მურად და იბრაჰიმ ნემერები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასთან“ და სხვადასხვა დროს, ისრაელის საპატიმროში სასჯელს იხდიდნენ ტერორისტული საქმიანობისთვის.
ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ ოქტომბრიდან დაწყებული სამხედრო ოპერაცია ამჟამად შეჩერებულია და მძევლების გათავისუფლების მიზნით მოქმედებს დროებითი ჰუმანიტარული ზავი.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს. კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 14 000-ზე მეტი ადამიანი.