მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობისთვის 2 პირი დააკავეს

მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, მთავარი არხის ჟურნალისტი, ვლადიმერ მენაბდე და ოპერატორი, მანუჩარ მჟავანაძე სოფელ სუფსაში, ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ. რა დროსაც, რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა ვ.ი-მ მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე დროს, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ.ი-ს ძმამ, ა.ი-მ, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ვლადიმერ მენაბდემ ფიზიკური ტკივილი განიცადა და ტუჩის არეში დაზიანება მიიღო. ა.ი-მ ასევე დააზიანა მთავარი არხის ვიდეოკამერა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტსა და ოპერატორს”. – წერია უწყების განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ ძმები სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.