„მწვანე სახლი ცემში“ გაფართოვდა და უახლოეს 5 წელიწადში კიდევ ერთი საოჯახო სასტუმროს გახსნას გეგმავს

პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერმა, ლელი შევჩენკომ ბორჯომის ხეობაში 100-წლოვანი ხის სახლის რესტავრაცია-კონსერვაცია 10 წლის წინ დაიწყო და თანამედროვეობას ისე მოარგო, რომ მისთვის არც ავთენტიკურობა დაეკარგა და საცხოვრებლადაც კომფორტული ყოფილიყო. საბოლოოდ შეიქმნა საოჯახო სასტუმრო – „მწვანე სახლი ცემში“, რომელსაც წელს იმავე ეზოში ეკო-კოტეჯიც შეემატა. ლელი და მისი მეუღლე – ჟურნალისტი, ბეგი ლოგუა, ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და, უახლოეს 5 წელიწადში, კიდევ ახალი საოჯახო სასტუმროს აშენებას გეგმავენ.
„კომერსანტი“ ლელი შევჩენკოს საოჯახო სასტუმროს შექმნის, განვითარების, გამოწვევების და გეგმების შესახებ ესაუბრა.
როგორ იქმნებოდა „მწვანე სახლი ცემში“, რა გამოწვევები გქონდათ?
ლელი შევჩენკო, არქიტექტორ-დიზაინერი: ჩემი პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ბოლო 10 წელია, დაკავებული ვარ საოჯახო სასტუმროთი. 2-სართულიანი სახლი გვქონდა ცემში, რომელსაც 100-წლიანი ისტორია აქვს. საკუთარი რესურსებით დავიწყე მისი რესტავრირება, ბევრ რამეს საკუთარი ხელით ვაკეთებდი: ავწიეთ ხის სახლი, გავაკეთეთ კონსერვაცია-რესტავრაცია, მეტი კომფორტი შევძინეთ, თანამედროვეობას შევუსაბამეთ, თან ვეცადეთ, რომ ავთენტიკურობა შეგვენარჩუნებინა, არ გაგვექრო რიკულები, მოაჯირები, ფერი და ა.შ. ძველი ავეჯი მთლიანად დავტოვეთ – განჯინები, სკივრები საკუთარი ხელით მოვხატე და ძველ ავეჯს ახალი სიცოცხლე მივანიჭე. ამ ყველაფერს ძალიან დიდი ფიზიკური შრომა და დრო დასჭირდა.
წელს უკვე ახალი, ხის ეკო-კოტეჯი ავაშენეთ, რომელიც 40 კვადრატული მეტრია, აქვს პატარა, მაგრამ კომფორტული და კომპაქტური აივან-ტერასა, სტუდიური ტიპის მისაღები და დიდი სამზარეულო, სადაც შესაძლებელია სადილის მომზადება და სადილობა. კოტეჯი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით.
რა დაჯდა ძველი სახლის რესტავრაცია-კონსერვაცია და როგორია ახალი კოტეჯის მშენებლობა-მოწყობის ხარჯები?
ძველი სახლის რესტავრაცია-კონსერვაცია დროში გაწელილი პროცესი იყო და მის საოჯახო სასტუმროდ ქცევას 30 000 ლარამდე დასჭირდა.
რაც შეეხება ახალ კოტეჯს, მისი მშენებლობის საქმეში მე და ჩემი მეუღლე ვიყავით ჩართული, რამაც საერთო ჯამში ხარჯი დაზოგა და ყველაფერი უფრო ბიუჯეტურად გამოვიდა. თბილისიდან რომ წაგვეყვანა სამშენებლო ჯგუფი, ვინც ამ ყველაფერს გააკეთებდა, 2-ჯერ მეტი – $40 000-მდე დაჯდებოდა. ჩვენ ადგილობრივი ჯგუფი მოვიწვიეთ, ჩვენვე შევიძინეთ მასალები და კოტეჯის აშენება და მოწყობა $20-25 000 დაჯდა.
რამდენ სტუმარზე გათვლილი თქვენი საოჯახო სასტუმრო და ვინ არიან თქვენი სტუმრები?
წინა წლებში ხის სახლს ოთახებად ვაქირავებდით, მაგრამ მივხვდით, რომ ძველი ხის სახლის ოთახებად გაქირავება არ არის მოსახერხებელი და კომფორტული დამსვენებლისთვის. ამიტომ წელს სართულებად ვაქირავებთ. სართულზე 2 ნომერია. თითო სართული 8-10 ადამიანზეა გათვლილი. დამსვენებელს ცალკე იზოლირებული ეზო აქვს. სასტუმრო 500 კვ/მ მიწაზეა და ამავე მიწაზე ავაშენეთ 1-სართულიანი კოტეჯი, ის 5-6 პერსონაზეა გათვლილი.
ძირითადად დიდი ოჯახები მოდიან, მეგობარი ან მრავალსულიანი ოჯახი. კვება არ გვაქვს. სამზარეულო, სერვირება ცალკე რესურსებს საჭიროებს, გრძელვადიან პერსპექტივაში სტუმრების კვებით უზრუნველყოფასაც ვგეგმავთ. ცემში და ბორჯომის ხეობაში საოჯახო დასვენებაზეა მეტი აქცენტი. აქ იშვიათად ჩამოდიან ახალგაზრდები გასართობად და ჩვენი საოჯახო სასტუმროც ოჯახებზეა გათვლილი.
როგორია ფასები?
ცემში ფასები მერყევია. ოთახის ღირებულება 40 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე ადის. ჩვენ ვეცადეთ, რომ შუალედური ფასი დაგვედო – ქვედა ზღვარი 90 ლარია და მაქსიმალური – 150. კოტეჯს სხვა ღირებულება აქვს იმიტომ, რომ სრულად იზოლირებულია. სახლის სართულები სხვა ფასად, 90 ლარის ფარგლებში, ქირავდება.
როგორია დატვირთულობა, გაქვთ ჯავშნები?
გაქირავების მხრივ უკმაყოფილოები არ ვართ. ფაქტობრივად, კოტეჯის მშენებლობის გამო მაისი, ივნისი და ივლისის შუა რიცხვები დავკარგეთ, მაგრამ უკვე გვყავს სტუმრები ახალ კოტეჯშიც და ზაფხულში ორივე სივრცე დაჯავშნილია.
რა გეგმები გაქვთ?
ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავაგრძელოთ მშენებლობა და გავფართოვდეთ. დღეს თუ ვიღებთ 3-4 ოჯახს გვინდა, რომ უფრო მეტი სტუმარი გვყავდეს. გარდა ამ ტერიტორიისა, ქვედა ცემში მიწის ნაკვეთი გვაქვს და უახლოეს 5 წლის განმავლობაში იმასაც დავტვირთავთ.