წელს ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა გაცილებით მაღალია, უკეთესია ხარისხიც და ფასიც მეტია – მინისტრის მოადგილე

წელს, შარშანდელთან შედარებით, ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა გაცილებით მაღალია, უკეთესია ხარისხიც და შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით, ფასიც მეტია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ, ხორბლის მოსავლის დაბინავების მიმართულებით შექმნილი შტაბის წევრებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება საჰექტარო მოსავლიანობის ზრდაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წელს, რაოდენობასთან ერთად, ხორბლის ხარისხიც მაღალია.
„სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მუდმივ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია დარგის წარმომადგენლებთან და იღებენ დეტალურ ინფორმაციას როგორც აღებული, ასევე რეალიზებული მოსავლის შესახებ. წელს, შარშანდელთან შედარებით, ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა გაცილებით მაღალია, უკეთესია ხარისხიც და შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით, ფასიც მეტია. დღეის მდგომარეობით, კახეთში ხორბლის მოსავლის აღება სრულდება და პროცესი უკვე სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ფერმერებთან და თუ, მათი მხრიდან იქნება მოთხოვნა, მზად ვართ, ჩვენი ტექნიკით, ჩავერთოთ მოსავლის აღების პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ხორბლის აღების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობ, წარმატებით დასრულდება“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.