საოჯახო სასტუმრო ლეჩხუმში, მარანი, 2 მუზეუმი – კიდევ რა სერვისებს სთავაზობს სტუმრებს უნიკალური „ზანდურის სახლი“

ლეჩხუმელი მასწავლებელი, მანონი ახვლედიანი ენდემური ხორბლის ჯიშებით 2018 წელს დაინტერესდა, შემდეგ მათი შესწავლა და მოყვანა დაიწყო და 2020 წელს ლეჩხუმში, სოფელ ღვირიში „ზანდურის სახლი“ გახსნა, რომელიც მარანს, ღვინის და ხორბლის მუზეუმებს, სასადილო სივრცეს და სამზარეულოს აერთიანებს.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მანონი ახვლედიანი ამბობს, ამ ყველაფრისთვის ბანკიდან სესხის აღება მოუწია. „მთლიანობაში „ზანდურის სახლის“ მოწყობა 300 000 ლარი მაინც დაჯდა. ამას გარდა, „აწარმოე საქართველომ“ 2022 წელს მარნის მოწყობისთვის 18 000 ლარი მოგვცა და ფონდმა „ტასომ“ – 10 საწოლი“, – იხსენებს მანონი ახვლედიანი.
„კომერსანტი“ „ზანდურის სახლის“ დამფუძნებელს ლეჩხუმში საოჯახო სასტუმროს გახსნის, განვითარების, ენდემური ხორბლის ჯიშების კვლევის, სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
როდის გაიხსნა „ზანდურის სახლი“ და რას უკავშირდება სახელწოდება?
მანონი ახვლედიანი, „ზანდურის სახლის“ დამფუძნებელი: 2018 წელს ლეჩხუმის სკოლაში, სადაც მასწავლებლად ვმუშაობ, თბილისიდან, ბოტანიკის ინსტიტუტიდან ასპირანტები იყვნენ ჩამოსული, რომლებიც ლექციას ატარებდნენ ზანდურზე ცნობიერების ამაღლებისთვის. ზანდური ხორბლის უძველესი, ენდემური, ლეჩხუმური სახეობაა. მსოფლიოში 20 სახეობის ხორბალია და აქედან 5 ქართულია: ჩელტა ზანდური, კოლხური ასლი, მახა, დიკა, ჰექსაპლოიდური ზანდური.
მთელი ბავშვობა ბებიისგან მესმოდა ზანდურის შესახებ. როცა თონეში პურს აცხობდა, ამბობდა ხოლმე, რომ ზანდური განსაკუთრებული პური იყო. ამ ლექციის შემდეგ ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. აქტიურად ჩავერთე პროექტში. შემოდგომა იყო, დაგვპირდნენ, რომ გაზაფხულზე 1 ჩაის კოვზ ზანდურის თესლს ჩამოიტანდნენ და ჩვენს სკოლაში დათესავდნენ. მარღთლაც დავთესეთ ზანდური, შევაგროვეთ პურთან და ხორბალთან დაკავშირებული ინფორმაცია, ეთნომასალა, რაც ზანდურის მოყვანა-წარმოებასთან იყო დაკავშირებული, გავაკეთე პატარა მუზეუმი, ჩავერთე აქტიურად აგროფესტივალებში, ფეისბუქზე ვეწეოდი ამ საქმიანობის პოპულარიზაციას, ამით დაინტერესდნენ ტელევიზიები და ჟურნალისტებიზ. ამ პატარა აქტიურობებმა გამიჩინა სურვილი, რომ რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც ჩემს შრომას თავს მოუყრიდა და ლეჩხუმს უფრო ცნობადს გახდიდა. გადავწყვიტე, დამეარსებინა „ზანდურის სახლი“, რომელიც ტურისტული ობიექტი იქნებოდა, სადაც სტუმრებს მივიღებდით.
„ზანდურის სახლი“ ხორბლის და ღვინის სახლად რომ მოაზრებულიყო, ავაშენეთ მარანი, გავაკეთეთ საოჯახო სასტუმრო, სასადილო სივრცე, სამზარეულო, მოვაწყვეთ ეზო სტუმრების მისაღებად, გავაკეთე ხორბლის და ღვინის მუზეუმები, რომელიც მარანსა და ბეღლის სივრცეშია განთავსებული და 2020 წელს გავიხსენით.
საოჯახო სასტუმროს გარდა, სტუმრებს ვუმასპინძლდებით სადილით და ვაწყობთ ღვინის დეგუსტაციებს. მუზეუმების დათვალიერება უფასოა. ადგილზე მეფუტკრეობასაც ვეწევით.
რა ინვესტიციით მოაწყვეთ მთელი ეს ინფრასტრუქტურა?
გრანტი არ მიმიღია, სესხი გამოვიტანე ბანკიდან და იმ ხარჯით გავაკეთეთ. დაახლოებით 300 000 ლარი მაინც დაჯდა ეს ყველაფერი. ამას გარდა, „აწარმოე საქართველომ“ 2022 წელს მარნის მოწყობისთვის 18 000 ლარი მოგვცა და ფონდმა „ტასომ“ 10 საწოლი.
„ზანდურის სახლი“ რამდენ სტუმარზე გათვლილი და ვინ არიან თქვენი სტუმრები – უფრო მეტად ქართველები, თუ უცხოელები?
„ზანდურის სახლი“ გათვლილია 30 სტუმარზე, დაახლოებით თანაბრად მოდიან ქართველები და უცხოელები.
როგორია ფასები?
დეგუსტაციის ტური კაცზე 30 ლარი ღირს; სასტუმროში 5 ოთახია და 14 საწოლი. ფასებს რაც შეეხება, 1 პერსონაზე მარტო ღამის თევა 35 ლარი ღირს, ვახშმით და საუზმით – 100 ლარი, 3-ჯერადი კვებით – 130 ლარი.
სამზარეულოს მენიუ როგორია?
ჩვენი ძირითადი მიმართულება სტუმრისთვის ავთენტიკური გემოების მიწოდებაა. ლეჩხუმური სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა გვინდა. „ზანდურის სახლის“ საფირმო კერძია „უცხელური“ – ის შედგება მჭადის, შაშხის, კვერცხის და საწებლისგან. მისი ფასი 8 ლარია. ავთენტიკური გვაქვს: ლობიანი, ხაჭაპური, შაშხი, უძველესი ენდემური სახეობის ხორბლის ჯიშისგან გამომცხვარი პური და ა.შ.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
აუცილებლად რაც გვჭირდება, საწოლების დამატებაა, გაფართოება გვჭირდება. ცალკე შენობის აშენება გვინდა, სადაც სასტუმროს მოვაწყობთ.