მსოფლიოს ჩაის უმსხვილესი მწარმოებლების 2022 წლის რეიტინგში საქართველო 30-ე ადგილზეა წელიწადში 2500 ტონა ჩაის წარმოებით. 2021 წლის შედეგებთან შედარებით, საქართველო ჩაის წარმოებაში 1 პოზიციით ჩამოქვეითდა, ჩაის წარმოება კი 400 ტონით შეამცირა.
2022 წლის რეიტინგს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაზე (Fao) დაყრდნობით Tanking Royals-ი აქვეყნებს.
2022 წელს, მეზობელი ქვეყნებიდან ათეულში მეხუთე ადგილზეა თურქეთი წელიწადში 1.3 მლნ ტონა ჩაის წარმოებით; 37-ზე – აზერბაიჯანი.
ამავე რეიტინგში 2021 წელს საქართველო 29-ე ადგილზე იყო 2 900 ტონა ჩაის წარმოებით; თურქეთი- მე-4 ადგილზე იყო 1 450 000 ტონა ჩაის წარმოებით; აზერბაიჯანი – 35-ზე 1 178 ტონა ჩაის წარმოებით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქართული ჩაის (ჩაი, არომატიზებული ან არაარომატიზებული) ექსპორტი, ბოლო ხუთ წელიწადში 1,4-ჯერ შემცირდა.
2023 წლის იანვარ-დეკემბერში ექსპორტზე გავიდა 1522.33 ტონა ჩაი (2 249 220 აშშ დოლარის), მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 2 099.27 ტონა (4 402 830 აშშ დოლარი) შეადგინა.
საქართველოდან ექსპორტირებული ჩაის რაოდენობის მიხედვით მონღოლეთი ლიდერობს, თანხობრივად კი თურქეთი და აზერბაიჯანი.
Fao-ს მონაცემებით, მსოფლიოში ჩაის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ჩინეთია. ის ყოველწლიურად თითქმის 14,542,600 ტონა ჩაის აწარმოებს. ჩინეთის ძირითადი ჩაის მწარმოებელი რეგიონებია იუნანის პროვინცია (ჩაის წარმოშობა), სიჩუანი, ფუჯიანი და ჟეჯიანგი. ქვეყანა აწარმოებს ჩაის სხვადასხვა სახეობას, აქედან 70%-ს მწვანე ჩაიზე მოდის, ამას გარდა აწარმოებს: შავ ჩაის, ოლონგის, თეთრ და პუ-ერჰ ჩაის.
ჩინური ჩაის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აშშ, იაპონია და რუსეთი, რომელთა ექსპორტი ყოველწლიურად $2 მლრდ-ს შეადგენს.
ინდოეთი ჩაის წარმოებაში მეორე ადგილზეა ყოველწლიურად 5,969,000 ტონაზე მეტ ჩაის წარმოებით. ინდოეთის ძირითადი ჩაის მწარმოებელი რეგიონებია: ტამილ ნადუ, დასავლეთ ბენგალი და ასამი. ინდური ჩაის ექსპორტი, ძირითადად აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ირანსა და რუსეთში ხორციელდება და ქვეყანა ამით ყოველწლიურად $700 მლნ-ზე მეტს გამოიმუშავებს.
კენია, წლიურად 2,326,000 ტონა პროდუქციით, ჩაის სიდიდით მესამე მწარმოებელია. კენიაში ჩაის მწარმოებელი ძირითადი ადგილებია: კერიჩო, ნანდი და ნიერი. ქვეყანა ძირითადად აწარმოებს შავ ჩაის. კენიური ჩაის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: პაკისტანი, ეგვიპტე, დიდ ბრიტანეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. კენიის შემოსავალი ჩაის ექსპორტით ყოველწლიურად დაახლოებით 1 მლრდ-ია.