აშშ-ის მოქმედმა ვიცეპრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატმა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე, კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიის პირველი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.
მას შემდეგ, რაც 21 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა და მის ნაცვლად მხარი კამალა ჰარისისთვის დაეჭირა, დემოკრატიული პარტიის წევრები და ლიდერები ჰარისის კანდიდატურის გარშემო გაერთიანდნენ.
გამოცემა Associated Press-ის მონაცემების მიხედვით, ჰარისს უკვე საკმარისი, 3107 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, რათა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად გახდეს, დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად კი 1 976 დელეგატის მხარდაჭერაა საჭირო.
CNN-ის მონაცემების მიხედვით, ტრამპს ეროვნული მასშტაბით დარეგისტრირებული ამომრჩევლების 49% უჭერს მხარს, ხოლო ჰარისს – 46%. ამ გამოკითხვით, ტრამპსა და ჰარისს შორის სხვაობა უფრო მცირეა, ვიდრე წინა გამოკითხვაში ტრამპსა და ბაიდენს შორის იგივე მაჩვენებელი.